03 ოქტომბერი 2024,   17:19
ვრცლად
მოხეში არსებული სადავო შენობის ახალი დეტალები "პოსტსკრიპტუმში"

მოხეს ცენტრში არსებული შენობის ნანგრევების ირგვლივ დავა პირველად მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივმა ქრისტიანებმა სოფელში ეკლესიის აგება გადაწყვიტეს.

დაპირისპირების თავიდან აცილება მაინც ვერ მოხერხდა. მუსლიმებმა შენობის გადახურვა და მასში მეჩეთის განთავსება მოინდომეს ამას კი მართლმადიდებელი მრევლის პროტესტი მოჰყვა.

ადგილობრივი მუსლიმები აცხადებენ, რომ სოფელში არსებული მეჩეთი შარიათის კანონების მიხედვით მეჩეთად არ ითვლება, მათ ოფიციალურად აშენებული სალოცავი უნდათ. ისინი ან ახლის აშენებას, ან არსებულში სალოცავად შესვლას ითხოვენ.  

მოხეს მუსლიმი მოსახლეობა ბიბლიოთეკის აშენებას არ ეწინააღმდეგება, თუმცა აცხადებს, რომ ეს სადაო შენობაში არ უნდა მოხდეს.

ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის საჯილდაო ქვად გადაქცეული შენობის უტყუარი ისტორია არავინ იცის. მუსულმების მიერ მოყოლილი ვერსიის თანახმად, მისი აშენება 1927 წელს დაიწყო და 34-ში დასრულდა, ფუნქციონირებდა როგორც მეჩეთი.

ადგილობრივი ქრისტიანები კი საპირისპიროს ამტკიცებენ და აცხადებენ, რომ შენობა ქართული ეკლესიების ქვით არის ნაშენი და მას ქრისტიანული საფუძველი აქვს.

ეკლესიის ნანგრევები სოფელ მოხეში მართლაც შემორჩენილია. მკვლევართათვის დიდ სირთულეს წესით არ უნდა წარმოადგენდეს, იმის დადგენა, არის თუ არა სადავო შენობის კედლებში ჩატანებული უძველესი ტაძრის ქვები.

სადავო შენობა ამჟამად პოლიციის კონტროლქვეშ რჩება და სოფელშიც სიწყნარეა, თუმცა რა მოხდება ორშაბათს თუ ბიბლიოთეკის მშენებლობა განახლდა რთული სათქმელია.

ადგილობრივი მუსლიმების ერთი ნაწილი მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ე.წ. ჯიჰადის გამოცხადებით იმუქრება, მეორე კი აცხადებს, რომ ქართველების მიმართ ჯიჰადს არ გამოაცხადებს, თუმცა განსხვავებული რელიგიის თანასოფლელებს შორის შუღლის გაღვივებაში მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს ადანაშაულებს. იგივეს ადასტურებს "პოსტსკრიპტუმთან" სამცხე-ჯავახეთის მუფთიც.

მეუფე თეოდორე ამბობს, რომ დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად მან ყველა ღონეს მიმართა, თუმცა კომპრომისებზე წასვლა მუსლიმ ლიდერებს არ სურთ.

სადავო შენობასთან დაკავშირებით სოფლის მართლმადიდებელი მოსახლეობის აზრი შეჯერებულია. მათი თქმით, ადგილზე ან აშენდება ბიბლიოთეკა, ან - არა და მოხეში უნდა ჩავიდნენ ექსპერტები, შეისწავლონ ვისი ქვებია და შესაბამისად იმ მხარეს გადასცენ.

მუსლიმების გადაწყვეტილებაც ურყევია, ისინი ამ შენობაში მხოლოდ მეჩეთს მოიაზრებენ. როგორც ჩანს არსებული სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი მოხეში არქეოლოგების ჩასვლა და ქვათა ღაღადის მოსმენაა.

ამავე თემაზე
დღის ამბები