19 ნოემბერი 2024,   20:21
ვრცლად
საქართველოში "ასტრაზენეკას" მეორე დოზით აცრა დაიწყო - ქვეყანაში ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა გაზრდილია

საქართველოში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება. ბოლო მონაცემებით, სულ აცრილია 62 447 ადამიანი, რაც მოსახლეობის 0.8%-ია.

დღეიდან ბრიტანული ვაქცინა "ასტრაზენეკათი" განმეორებითი აცრა დაიწყო. "ასტრაზენეკას" მეორე დოზით დღეს 100-მდე მოქალაქე უკვე აიცრა, რაც ნიშნავს, რომ მათ უკვე სრული იმუნიზაცია ჩაიტარეს. ამ პრეპარატით აცრა მხოლოდ 55 წლის ასაკს ზემოთ მყოფ მოქალაქეებს შეუძლიათ.

ვირუსის დამარცხების ერთადერთი გამოსავალი რომ ვაქცინაციაშია, ამას აცრის მსურველების რაოდენობაც განსაზღვრავს. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები უკვე საუბრობენ, რომ იმუნიზაციის პროგრამაში ჩართული მოქალაქეების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. სამედიცინო დაწესებულებებში ვაქცინაციისთვის ახალი კაბინეტებიც გაიხსნა.

ახალი კაბინეტები გაიხსნა რეგიონებშიც, სადაც "ასტრაზენეკას" მეორე დოზით აცრისთვის კლინიკებში დილიდან რიგები იყო.

სპეციალისტები ვაქცინაციის პროცესის შედარებით კარგ დინამიკაზე ამახვილებენ ყურადღებას, რასაც სწორ საინფორმაციო კამპანიას უკავშირებენ.

"სინოფარმი", "ფაიზერი" და "ასტრაზენეკა" - ეს ის სამი მედიკამენტია, რომელთა არჩევაც მოქალაქეებს ამ ეტაპზე შეუძლიათ.

დღის ამბები