იმუნიზაციის საბჭოს წევრი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ Sinopharm-ით ვაქცინაციის კითხვარს დამატებით ორი პუნქტი დაემატა.
როგირც "დღის კურიერში" ივანე ჩხაიძემ განმარტა, პაციენტებს, რომლებსაც ეპილეფსია აქვთ, აცრის წინ ექიმს ინფორმაცია უნდა მიაწოდონ.
"პირველი პუნქტი, ეს ეხება ეპილეფსიას. Sinopharm-ის ჩამონათვალში კითხვებს დაემატა ახალი კითხვა, ხომ არ აქვს პაციენტს ეპილეფსია, ნერვული სისტემის დაავადება, რომელიც არ ემორჩილება ანტიეპილეფსიურ მედიკამენტებს.
რაც შეეხება ტერმინალურ ქრონიკულ დაავადებებს, ეს არის ონკოლოგიური პათოლოგია, მძიმე ნევროლოგიური, შესაძლოა გულსისხლძარღვთა დაავადებები. ტერმინალური სტადია ნიშნავს, რომ მედიცინამ ამ პაციენტთან თავისი შესაძლებლობები ამოწურა და იმედი, რომ მედიკამენტური თერაპიით ამ პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდეს, არ გვაქვს.
Sinovac-ის ჩამონათვალიც აუცილებლად გვექნება და კითხვარში ასევე იქნება ეს ინფორმაცია დამატებული. ამ ეტაპზე უცნობია, რა კითხვარი იქნება Sinovac-ის შემთხვევაში. ინფორმაციას განიხილავს როგორც საბჭო, ასევე იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფი და შესაბამისად, ფორმულირება იქნება დამატებული ყველა იმ კითხვარში, რომელიც იქნება ვაქცინაციის კაბინეტში წარმოდგენილი,"- განაცხადა ივანე ჩხაიძემ "დღის კურიერში" საუბრისას.