26 აპრილი 2024,   12:34
ვრცლად
ისრაელში კვლავ განგაშის ხმა ისმის - ვითარება უკიდურესად დაძაბულია

უკიდურესად დაძაბულია ვითარება ისრაელში. თელ-ავივში და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში ამ წუთებშიც განგაშის ხმა ისმის. მოქალაქეებმა მთელი ღამე ბუნკერებში გაატარეს.

ისრაელის სამხრეთით მდებარე ქალაქების შემდეგ, საჰაერო იერიშები დაიწყო ქვეყნის ცენტრალურ ნაწილშიც. თელ-ავივთან ერთად, არის ქალაქი ლოდიც, სადაც საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობენ. აქ სარაკეტო შეტევასთან ერთად არეულობებიც დაიწყო. ადგილობრივი მედია წერს, რომ ეთნიკურად არაბი მოქალაქეების ნაწილი ქალაქის ქუჩებში არეულობას აწყობს. პარალელურად, ისრაელის სპეცსამსახურები განაგრძობენ საჰაერო ოპერაციას ჰამასის ლიდერების გასანადგურებლად.

საქართველოს საელჩო კონკრეტულ ინსტრუქციას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს მომენტალური ევაკუაციისა და თავშესაფრის მოძებნასთან დაკავშირებით. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეების მასშტაბურ ევაკუაციას, ეს საკითხი, ჯერჯერობით, არ დგას.

"სარაკეტო თავდასხმები გრძელდება და ეს წარმოადგენს ძირითად საფრთხეს. ამ მხრივ, ჩვენი მოწოდება არის, ვისაც შეუძლია, რომ დარჩეს სახლში, დარჩეს იქ. თავი შეიკავონ ქალაქებს შორის გადაადგილებისგან, იმიტომ რომ ღია სივრცეში, ტრასაზე გადაადგილების დროს თუკი განგაშის ზარი იქნება და სარაკეტო თავდასხმა, შეუძლებელია იქ თავი რამეს შეაფარო. ქალაქებში ამის შესაძლებლობა არის," - აცხადებს საქართველოს ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია.

თელ-ავივში მცხოვრები ქართველების თქმით, მათ გასულ ღამეს რამდენჯერმე მოუწიათ თავშესაფარში ჩასვლა.

დაპირისპირებული მხარეები კვლავ საომარი რიტორიკით საუბრობენ. ვითარების კიდევ უფრო დაძაბვას არ გამორიცხავენ არც ანალიტიკოსები.

"გუშინ და დღეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში იერიში მიიტანეს "ჰამასისა" და ჯიჰადისტური ჯგუფების ასობით სამიზნეზე. ისრაელზე თავდასხმა ჰამასს ძვირად დაუჯდება, ძალიან ძვირ ფასს გადაიხდიან საომარი მოქმედებების გამო," - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

შედეგებზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს ”ჰამასის” ლიდერი ისმაილ ჰანიეჰი:

"თუ ისრაელს ესკალაცია სურს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ, თუ შეჩერება სურს, ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ. ისრაელმა ცეცხლი გახსნა იერუსალიმსა და ალ აქასში, ცეცხლი გადავიდა ღაზაში, შესაბამისად, ისრაელია პასუხისმგებელი შედეგებზე," - ამბობს ისმაილ ჰანიეჰი.

ამ კონფლიქტთან დაკავშირებით უკვე მეორედ ჩაინიშნა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა. მსოფლიო ლიდერები რეგიონში მშვიდობის დამყარების აუცილებლობაზე საუბრობენ, თუმცა განსხვავებულია მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ ვის მიუძღვის ბრალი სიტუაციის უკიდურესად დაძაბვაში. აშშ აცხადებს, რომ ისრაელს აქვს უფლება საკუთარ ტერიტორიაზე შეტევას შესაბამისად უპასუხოს, თურქეთს კი მიაჩნია, რომ სწორედ ისრაელის პასუხისმგებლობაა კონფლიქტის ახალი მასშტაბებით განვითარება.

ამავე თემაზე
დღის ამბები