27 აპრილი 2024,   07:46
ვრცლად
საყოველთაო ინტერნეტიზაციის სტარტი - გურიის 49 დასახლებულ პუნქტს უკვე ოპტიკური ქსელით მაღალხარისხიანი ინტერნეტით სარგებლობა შეუძლია

"ქვეყანაში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი გურიიდან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან დავიწყეთ" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გურიაში, ბახვის საჯარო სკოლაში, სადაც ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია.

მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით, მთავრობის მიერ შემუშავებული პროექტი რეგიონებში სწორედ ინტერნეტის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ირაკლი ღარიბაშვილი ბახვის ახლადრეაბილიტირებულ სკოლაში, რომელიც თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი, ეკონომიკის და განათლების მინისტრებთან, ასევე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან ერთად ჩავიდა.

ინტერნეტის ხელმისაწვდომობაზე ისაუბრა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმაც. მისი თქმით, ინტერნეტით სარგებლობა ყველა რეგიონში მნიშვნელოვანია როგორც ახალგაზრდებისთვის, ასევე სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლებისთვის.

ბახვის შემდეგ პრემიერი სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრთან ერთად ვაკიჯვრის საკალმახე მეურნეობაში იმყოფებოდა. მეურნეობა, რომელიც შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა, დღეს საქართველოში ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია.

დღესვე ოზურგეთში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის შენობასთან, ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა მთავრობის მეთაურმა ერქომაიშვილის მეუღლესთან ერთად გახსნა.

მემორიალური დაფის გახსნის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის თავმჯდომარესა და მინისტრებთან ერთად ოზურგეთის თეატრის გახსნას დაესწრო. შენობას ფონდ "ქართუს" დაფინანსებით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. რეაბილიტაციის შედეგად ოზურგეთის თეატრი ულტრათანამედროვე ხმისა და განათების სისტემით აღიჭურვა. თეატრს მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

საქართველოს პრემიერი მომდევნო დღეებში, გურიის მსგავსად, სტუმრობას სხვა რეგიონებშიც გეგმავს.

დღის ამბები