19 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
მოკლული ქალის მეუღლის ჩვენება - რა ვიცით მამაკაცზე, რომელსაც ბერძნულ მედიაში ქართველად მოიხსენიებენ

საბერძნეთის პოლიცია ამ დრომდე არკვევს, რა კავშირი აქვს ბულგარეთის საზღვართან ყალბი პასპორტით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს ერთი კვირის წინ გლიკა ნერაში მომხდარ სასტიკ დანაშაულთან.  

ბერძნული მედია ვარაუდობს, რომ ეს არის გასაღები იმ დანაშაულის გასახსნელად, რამაც მთელი საბერძნეთი შოკში ჩააგდო. 

გლიკა ნერაში შეიარაღებული მძარცველები ახალგაზრდა წყვილის სახლში შეიჭრნენ, სადაც ცოლ-ქმართან ერთად მათი 11 თვის ჩვილიც იმყოფებოდა. ერთ-ერთმა მძარცველმა 20 წლის კაროლინი სიცოცხლეს გამოასალმა მას შემდეგ, რაც ქალმა მძარცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა. 

რა მტკიცებულებები აქვს ბერძნულ გამოძიებას და რა მიანიშნებს ამ საზარელ საქმეში ქართველის მონაწილეობაზე?

გლიკა ნერაში მკვლელობიდან თითქმის ერთი კვირის შემდეგ, დღეს პოლიცია იწყებს ახალი გამოძიების ციკლს. 32 წლის მოწმე - მოკლულის ქალის მეუღლე (პილოტი) კვლავ გამოიძახეს ჩვენების მისაცემად. პოლიცია ცდილობს გაარკვიოს, თუ რამდენ ხანს იმყოფებოდნენ დამნაშავეები მათ სახლში, როგორ მოქმედებდნენ ისინი და რა ფიზიკური მახასიათებლით გამოირჩეოდნენ.

ნებისმიერი ინფორმაცია მნიშვნელოვანია, ვინაიდან მძარცველები ნიღბებით იმყოფებოდნენ.

32 წლის მამაკაცმა შეძლო რამდენიმე დეტალის აღდგენა, პოლიციამ მას აჩვენა პოტენციურ ეჭვმიტანილთა ფოტოები ამოსაცნობად და მოასმენინეს გარკვეული სიტყვები სხვადასხვა ენასა და დიალექტზე“, - იუწყება ბერძნული მედია სამართალდამცველებზე დაყრდნობით. 


ამასთან, შოკისმომგვრელი აღმოჩნდა 32 წლის პილოტის პირველი ჩვენება, რომელიც ერთ-ერთ ბერძნულ გაზეთში გამოქვეყნდა. 

ჩვენებაში მამაკაცი ყვება, რომ ის და მისი მეუღლე 11 თვის შვილთან ერთად ავიდნენ სახლის ზედა სართულზე დასაძინებლად. მანამდე მათ ძაღლის ყეფის ხმა არ გაუგიათ, ვინაიდან მძარცველებმა სახლში შეჭრამდე ჯერ ძაღლი მოკლეს. წყვილი უკვე დასაძინებლად ემზადებოდა, როდესაც მოულოდნელად მათ ოთახში სამი შეიარაღებული ნიღბიანი გამოჩნდა. 

”ორი შედარებით მაღალი იყო, დაახლოებით 1.80 მეტრ სიმაღლის, გამხდარი. მესამე უფრო დაბალი, ოდნავ მეტი 1.70 მეტრზე, სრული აღნაგობის. ის, როგორც ჩანს, ლიდერი იყო. მათ ეცვათ შავი კაპიუშონები, ეჭირათ რევოლვერი და შავი პისტოლეტი. მან [სავარაუდო ლიდერმა] მითხრა ყვირილით - სად არის ფული? შენს შვილს მოვკლავ, თუ არ მეტყვი სად არის ფული?

მაშინვე ვუთხარი: "გეტყვი, ნუ გვავიწროვებ", ავუხსენი, რომ სარდაფში არის სათამაშოები, ხოლო მონოპოლის კოლოფში თითქმის 10,000 ევრო. ორმა შემიკრა ხელ-ფეხი, კისერზე ძალიან მაგრად შემომაკრეს საიზოლაციო ლენტი. თვალებიც ამიკრეს, მაგრამ იყო პატარა სივრცე, საიდანაც ვხედავდი. ისინი ყვიროდნენ და ემუქრებოდნენ კაროლინს და ამბობდნენ, რომ მოკლავდნენ ბავშვს, თუ არ ეტყოდა სად გვქონდა ფული. შემდეგ ზურგით დამაგდეს იატაკზე და იარაღით მემუქრებოდნენ, რის გამოც ვეღარ ვხედავდი“, - აღნიშნა დაკითხვის დროს მამაკაცმა.

მისივე თქმით, საიზოლაციო ლენტის აკვრის გამო ჟანგბადის უკმარისობა დაემართა, რის გამოც ნახევარი საათით გონება დაკარგა. 

პოლიციის ინფორმაციით, მძარცველებმა წინასწარ გამორთეს სიგნალიზაცია, გაანადგურეს მეზობელ ქუჩაზე მდებარე სათვალთვალო კამერები, მოკლეს ძაღლი და დათქმულ დროს სახლის უკანა მხარეს მდებარე ფანჯრიდან შეიპარნენ. 

ადგილზე ხრახნიანი ან სხვა საგნით შეჭრის ნიშნები არ ჩანს, როგორც ამას ჩვეულებრივ აკეთებენ მძარცველები, მაგრამ მათ ჩამკეტი გახსნეს და ჩარჩოსთან ერთად მოხსნეს ფანჯარა. მინა დაახლოებით 1,5 მეტრის სიმაღლიდან დაეცა იატაკზე, თუმცა არ გატყდა, შესაბამისად არც ხმაური ყოფილა, რომ მობინადრეებს გაეღვიძათ.  
სახლში შეჭრილმა მძარცველებმა ახალგაზრდა პილოტი და მისი 20 წლის მეუღლე დააბეს. ქალი, სანამ შეეძლო, ხმამაღლა ყვიროდა. 

“დედის ინსტინქტი და კიგბოქსინგის გამოცდილება თავდაჯერებულობას მატებდა, რომ მას შეუძლია გაუმკლავდეს კრიმინალებს ქმრისა და შვილის დასაცავად“, - წერს ბერძნული მედია.

შემდეგ ერთ-ერთი მძარცველი, სავარაუდოდ ლიდერი, კისერზე ატარებს ნაჭერს, ხელით აწვება პირსა და ცხვირზე, რა დროსაც ახალგაზრდა კაროლინი სუნთქვას წყვეტს.

გამოძიების აღწერით, “პატარა ლიდია მის [კაროლინი] გვერდით იყო, მიყრდნობილი უკვე მიცვალებულის სხეულზე“.

”მე მათ ვუთხარი, ფული სად დავმალე, რათა ტანჯვა სწრაფად დასრულებულიყო. მესმოდა, საწოლთან მიბმული მეუღლე როგორ ითხოვდა დახმარებას და მე იატაკზე ვიყავი ხელფეხშეკრული. ჩვენ ვყვიროდით, რომ არ დაშავებულიყო. ბავშვი ტიროდა, ჩემი ცოლი ტიროდა და ამ დროს მათი ნაწილი ჩხრეკდა სახლს, რომ მეტი ფული და სამკაული ეპოვათ. მოულოდნელად ისინი ოთახიდან გავიდნენ და ჩემმა ცოლმა შეწყვიტა საუბარი, მე უკვე აღარ მესმოდა მისი ხმა”.

რატომ მიიტანეს ეჭვი ამ საზარელ დანაშაულში ქართველ მამაკაცზე? პოლიციას ამ ეჭვების საფუძველს რამდენიმე გარემოება აძლევს: პირველი - ის წარსულში სავარაუდოდ მონაწილეობდა მოხუცთა თავშესაფარში მყოფი წყვილის დაყაჩაღებაში; მეორე - ეჭვმიტანილი კეროლინის მკვლელობიდან ერთ კვირაში ქვეყნის დატოვებას ყალბი პასპორტით ცდილობდა და მესამე - დაკავებული 36 წლის მამაკაცის ფიზიკური მონაცემები ემთხვევა კეროლინის მეუღლის აღწერილობას.

საბოლოო სიტყვა მაინც ექსპერტიზას ეკუთვნის - იმ შემთხვევაში, თუ დანაშაულის ადგილიდან აღებული ანაბეჭდები დაკავებული ქართველის ბიოლოგიურ მასალას დაემთხვევა, მას სასტიკი მკვლელობისთვის და ჯგუფური ყაჩაღობისთვის მრავალწლიანი პატიმრობა ელის, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, შესაძლოა, მხოლოდ ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებისთვის გაასამართლონ.

დღის ამბები