20 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
1994 წელს თბილისში 3 ადამიანის მკვლელობისთვის ბრალდებული საფრანგეთმა საქართველოს გადასცა

საფრანგეთიდან საქართველოში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებული ორი პირის - ვ.გ.-ს და თ.ჟ.-ს ექსტრადირება განხორციელდა. გამოძიება ერთს სამი პირის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობას, მეორეს კი ნარკოდანაშაულს ედავება. ორივე საერთაშორისო ძებნილი საფრანგეთის რესპუბლიკამ 2018- 2019 წლებში დააკავა, ახლა კი მათი საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს:

"საქართველოს გენერალური პროკურატურა ვ.გ.-ს ინტერპოლის არხებით, წითელი ცირკულარით  ძებნას, 1994 წელს ქ. თბილისში დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ჩადენილი ვ.მ.-ს, ნ.მ.-ს და ფ.მ.-ს განზრახ მკვლელობის საქმეზე ახორციელებდა.

სასამართლოს განაჩენით დადგენილია, რომ 1994 წლის 18 იანვარს ქ.თბილისში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ვ.მ. გაიტაცეს, რომელიც დაზარალებულის მშობლებისგან გამოსასყიდის მიღების შემდგომ გაათავისუფლეს. მას შემდეგ, რაც დაზარალებულის ოჯახის წევრმა განცხადა, რომ მისთვის ცნობილი იყო მისი შვილის გამტაცებლების ვინაობა, ჩადენილ დანაშაულში მხილების შიშით და ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით ვ.გ. და მისი თანამზრახველები 1994 წლის 19 თებერვალს, მალულად შევიდნენ ვ.მ.-ს საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ვ.მ.-მ და მისმა მშობლებმა სასიკვდილო ჭრილობები მიიღეს. მკვლელობის შემდგომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სახლიდან ძვირადღირებული ნივთები გაიტაცეს და მიიმალნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის განაჩენით, ვ.გ. დაუსწრებლად იქნა ცნობილი დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მეოთხე, მეექვსე და მეშვიდე ნაწილით (ორი ან მეტი ადამიანის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკითა და ისეთი საშუალებით, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს მრავალი ადამიანის სიცოცხლისათვის, სხვა დანაშაულის დაფარვისა და სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნით) და 179-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით, ბინაში უკანონო შეღწევით) და  2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენებით, საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 7 წლით და 6 თვით განესაზღვრა.

საქართველოს გენერალური პროკურატურა მეორე სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებულის თ.ჟ.-ს ძებნას ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, გადაზიდვის და გასაღების ფაქტზე ახორციელებდა.

სასამართლოს განაჩენით დადგენილია, რომ 2005 - 2008 წლებში საფრანგეთის რესპუბლიკაში მყოფმა თ.ჟ.-მ სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, მათ შორის, საფოსტო გზავნილის და ავტომანქანის მეშვეობით, რამდენჯერმე გაუკეთა ორგანიზება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "სუბოტექსის" საქართველოში შემოტანას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის განაჩენით, თ.ჟ. დაუსწრებლად იქნა ცნობილი დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, გადაზიდვისა და გასაღებისათვის, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ვ.გ.-ს და თ.ჟ.-ს საფრანგეთიდან საქართველოში ეტაპირება განხორციელდა და ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იქნენ შესახლებულნი.

საქართველოს პროკურატურა, როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის მწარმოებელი და ძებნილ პირთა საქართველოში ექსტრადიციის საკითხებზე პასუხისმგებელი უწყება მომავალშიც მიიღებს კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას, რათა საქართველოში დანაშაულის ჩამდენი ნებისმიერი პირი, მიუხედავად მისი ადგილსამყოფელისა, წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე,"- ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები