13 მაისი 2024,   04:11
ვრცლად
კუნძული, სადაც ყველა გადაწყვეტილებას მხოლოდ ქალები იღებენ - ევროპის უკანასკნელი მატრიარქატი

ნაოჭებისგან დაღარული ხელებით ქალი, ჭრელი ქვედაბოლოთი, სამზარეულოში მარტო ზის. დღის ჩვეული საქმიანობები ჯერ არ დაუსრულებია - ფერმის მართვა, რითაც ის მთელი ცხოვრებაა დაკავებული, მუდმივ მოძრაობას მოითხოვს - მისახედია ქათმები და ცხვრები, შესაკერია ტანსაცმელი, შესაკეთებელია ტრაქტორები... თუმცა ახლა, მისი მზერა საქსოვისკენ არის მიმართული - ძაფისა და ჩხირებისკენ, რომელიც ხელში უჭირავს. ის საკუთარი დაკრძალვისთვის სამოსს ქსოვს. 

ამბავი, რომლის შესახებ მკითხველს BBC მოუთხრობს, "ქალების კუნძულად" ცნობილ კიჰნუზე ხდება. კუნძული ბალტიის ზღვაში, ესტონეთის დასავლეთ სანაპიროსთან მდებარეობს. ხშირად მას ევროპის უკანასკნელ მატრიარქატად მოიხსენიებენ, კუნძულის მოსახლეობას ქალების სიძლიერე და შეუპოვრობა მართავს. მათი კულტურა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შეტანილი. კიჰნუელი ქალებს საკუთარ თავზე აქვთ აღებული ფერმერობა, ბავშვის აღზრდა და ყოველდღიური საქმიანობა. კაცები კუნძულიდან ყოველთვის შორს იყვნენ - ისინი მეზღვაურებად მუშაობდნენ, რამაც გენდერული როლების გაცვლა განაპირობა. 

კიჰნუს მოსახლეობა დღემდე ინახავს უნიკალურ ხალხურ სიმღერებსა და ცეკვებს, ტრადიციული ქსოვის ხერხებსა ხელსაქმეს. 

მათი დაკრძალვის ტრადიციები გახდა ნორვეგიელი ფოტოგრაფის, ენ ჰელენ გიელსტადის შთაგონების წყარო, შეექმნა წიგნი "დიდი გული, ძლიერი ხელები". დაკრძალვის ცერემონიალზე დაპატიჟებული ფოტოგრაფი სამზარეულოში ასაკოვანი ქალების გარემოცვაში აღმოჩნდა - ყველა მათგანს ლურჯი ფერის კაბა ეცვა, ლურჯი კუნძულზე გლოვის ფერად არის მიჩნეული. ფოტოხელოვანმა გადაწყვიტა, ქალების ამბავი ყველასთვის მოეთხრო. 

"ეს არის წარსულის ამბავი, რომელიც მნიშვნელოვანია მომავლისთვის. შინაგანი რწმენით მივხვდი, რომ ეს ყველაფერი უნდა გადამეღო, დამებეჭდა წიგნში, დამეწერა მათი ამბები..."

მატრიარქალურმა წესებმა მკაცრ კლიმატსა და 50-წლიან საბჭოთა ოკუპაციას გაუძლო. თუმცა ახლა კუნძულზე მცხოვრები ხალხის ტრადიციებს საფრთხე ემუქრება, მათ შორის - ერთ-ერთი საშიშროება ახალგაზრდა თაობის მიერ კუნძულის დატოვებაა, რომლებიც ახალ შესაძლებლობებს ეძებენ. კუნძულზე მხოლოდ მოხუცები დარჩნენ. 

 

ავტორი : თინათინ კაკიაშვილი

დღის ამბები