16 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
მეორე დღეა, ევროპის მოედანზე გამართული საპროტესტო აქცია განხილვის თემაა - საზოგადოების ნაწილი ხალხის რაოდენობას ითვლის, ნაწილი კი მომავალი აქტივობებისა და დღევანდელი აქციისთვის ემზადება

უკვე მეორე დღეა, განხილვის თემაა საპროტესტო აქცია ევროპის მოედანზე - საზოგადოების ნაწილი ხალხის რაოდენობას ითვლის, ნაწილი კი მომავალი აქტივობებისა და დღევანდელი აქციისთვის ემზადება. ამ ყველაფრის პარალელურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი აქციის მონაწილეებს აფრთხილებს. ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტისა და პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილია ძალადობრივი მოქმედებები - ამიტომ, მთავრობის მეთაური ყველას კანონის ფარგლებში მოქმედებას ურჩევს.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ პროტესტი ევროპის მოედნიდან ისევ რუსთაველის გამზირს უბრუნდება. ორგანიზატორებმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის წინ შეკრებისკენ და დღევანდელი ღამის გათენებისკენ გუშინვე მოუწოდეს.

ევროპის მოედანზე გამართული აქცია პოლიტიკური შეფასებების თემა გახდა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მათ მიერ დემონსტრანტების დასახელებულმა რაოდენობამ ვნებათაღელვა გამოიწვია. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ პოსტს დრონით გადაღებული ვიდეო დაურთო.

"გუშინ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია დემონსტრანტების ჩვენს მიერ დასახელებულმა რაოდენობამ. მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე ერთი ადამიანის მნიშვნელობაზეც გავაკეთე აქცენტი, უბრალოდ ვამხილე და პასუხი გავეცი მათ მიერ გაყალბებულ რეალობას ხალხის რაოდენობასთან დაკავშირებით.

რადგან დიდი აცდენები გვაქვს, მოდი, ასე მოვიქცეთ. ვაქვეყნებ დრონის ვიდეოს და მათივე მიერ გამოქვეყნებულ, ყველაზე მეტად მოწონებულ ფოტოს და "ტას.ჯი"-ს შესაბამისი ადგილმდებარეობის მაქსიმალურ(!) კვადრატულობას. მოკლედ, ექსპერიმენტის ყველა მონაცემი მათკენაა გადახრილი. ერთ კვადრატულ მეტრზე საშუალო სიმჭიდროვის დასადგენად ვიდეოს და ფოტოს ოდნავ დაზუმებაც კი საკმარისია. ვინც სტატუსს ნახავს, თავადვე შეუძლია იანგარიშოს ხალხის რაოდენობა," - წერს მამუკა მდინარაძე.

მმართველი გუნდისგან განსხვავებით, გუშინდელი აქციის ხალხმრავლობაში ეჭვი არ ეპარება ოპოზიციის ნაწილს. გახარიას პარტიაში მიიჩნევენ, რომ პროტესტის ქუჩაში გამოხატვა მნიშვნელოვანი იყო, არის და იქნება ყველა დროში. პოლიტიკურ გაერთიანება "გირჩში" კი ეჭვი კოლეგებისა და აქციის ორგანიზატორთა ნაწილშიც ეპარება, რადგან ფიქრობენ, რომ მათ აქციის დამშლელთა როლი აქვთ მორგებული.

მოქალაქეებს სახელისუფლებო პარტია კანონის მიღებას ჰპირდება. პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს კიდევ ერთხელ თქვა, რომ კანონთან დაკავშირებით ოპონენტების მხრიდან საგნობრივ დისკუსიაზე უარს იღებენ.

მმართველი გუნდი ხვალ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვისთვის, ოპოზიცია კი, დღეს ღამით, აქციისთვის ემზადება. პროტესტის ორგანიზატორები მოქალაქეებს სთხოვენ, ღამე საკანონმდებლო ორგანოსთან გაათენონ.

ოპოზიციის მიერ დაანონსებულ მშვიდობიან აქციასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრს საპირისპირო ინფორმაცია აქვს. ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ და უცხოეთიდან დაფინანსებულ ძალადობრივ ახალგაზრდულ დაჯგუფებებს ხვალ და ზეგ დაგეგმილი აქვთ ძალადობრივი მოქმედებები საქართველოს პარლამენტისა და პოლიციის წინააღმდეგ.

სწორედ ამიტომ, მთავრობის მეთაურმა მოქალაქეებს სიმშვიდისკენ, სამართალდამცველებს კი მაქსიმალური მოთმინებისკენ მოუწოდა.

გავუთენოთ საქართველოს - ამ მოწოდებით საპროტესტო აქცია პარლამენტთან დღეს 22 საათიდან დაიწყება. ორგანიზატორების ინიციატივით, აქტივისტები ღამეს საკანონმდებლო ორგანოსთან გაათენებენ.

დღის ამბები