16 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
დასავლური კრიტიკა და ოპოზიციის მოლოდინები - რა გზავნილებით მოდის ამერიკული დელეგაცია თბილისში

თითქმის ერთი თვეა, დასავლეთი თბილისს განსაკუთრებით აკვირდება - საერთაშორისო კრიტიკა არ წყდება. უკვე მეორე დღეა, საქართველოს შესახებ წერს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველიც. ჯეიკ სალივანის ტონი მკაცრია და ის საქართველოს დემოკრატიის უკუსვლაზე მიანიშნებს - ამერიკელი პარტნიორების ტვიტებსა და პოსტებს, მალე, პირისპირ შეხვედრები ჩაანაცვლებს.

14 მაისს თბილისში, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ელოდებიან. ახლა განსაკუთრებით საინტერესოა, რა წინადადებას ჩამოიტანს ჯეიმს ო’ბრაიენი საქართველოში. მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ასეთია: "როცა საქმე სახელმწიფოს ინტერესებს ეხება - შანტაჟი და მუქარა უკან ვერ დაგვახევინებს" - სანქციებზე საუბარი კი ირაკლი კობახიძისთვის არასერიოზულია.

შეხვედრები მთავრობის, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან - ენტონი ბლინკენის თანაშემწეს თბილისში ელოდებიან. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მაღალი რანგის სტუმარი შტატების მტკიცე ერთგულებას გამოხატავს ქართველი ხალხისა და ქვეყნის მისწრაფებისადმი მშვიდობიანი, აყვავებული და უსაფრთხო ევროატლანტიკური მომავლისკენ. კონკრეტულად რა წინადადებას ჩამოიტანს ქვეყანაში ჯეიმს ო’ბრაიენი - ეს უცნობია, თუმცა ცნობილია მისი კრიტიკული პოზიცია. ჩამოსვლამდე ო’ბრაიენი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სოციალური ქსელით გამოეხმაურა და შეშფოთება გამოთქვა.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო დემონსტრაციას სოციალური ქსელით გამოეხმაურა ჯეიკ სალივანიც. მკაცრი იყო წინა დღეებში გაკეთებული განცხადებაც: "ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულები საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით" - დაწერა თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

ამერიკის მსგავსად, კრიტიკულია ტონი ევროპიდანაც. "საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების დაშინება და მათ წინააღმდეგ ძალადობა სამარცხვინო ტაქტიკაა" - დაწერა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა. თბილისში მიმდინარე აქციას გამოეხმაურა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეც.

სოციალური ქსელებით ნათქვამს, რამდენიმე დღეში, პირადი შეხვედრები ჩაანაცვლებს. პრემიერ-მინისტრი პარტნიორების მხრიდან სანქციებს კატეგორიულად გამორიცხავს.

პარლამენტის თავმჯდომარე მზად არის, სტუმარს დეტალურად განუმარტოს, რატომ არის კანონის მიღება ეროვნული ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი.

განსხვავებულია ოპოზიციის მოლოდინი – მმართველი გუნდის ოპონენტებს იმედი აქვთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატები საქართველოს ხელისუფლებას მკაფიოდ მოუწოდებს, უარი თქვას ინიციატივაზე.

ამერიკის შეერთებული შტატები რომ მხოლოდ სიტყვებით არ შემოიფარგლება და მოქმედებაზეც გადავა. ამის სჯერათ "გირჩში". ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ კანონპროექტის კანონად ქცევა, საქართველოსა და პარტნიორების ურთიერთობებს დააზიანებს.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მიღება რომ მსგავსი ფორმით არ მოხდება, ამის იმედი აქვს საქართველოში ევროკავშირის ელჩსაც. პაველ ჰერჩინსკი მზად არის, ქვეყანაში მაღალი დონის ვიზიტები და კონსტრუქციული დიალოგი გაგრძელდეს.

საპარლამენტო უმრავლესობა პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის მზადაა, თუმცა აქვს საკუთარი პირობა.

თანამშრომლობისა და სამართლიანი შენიშვნების გაზიარებისთვის მზაობაა. სადაო კანონპროექტის კენჭისყრამდე კი ორი დღე რჩება. ორი დღე რჩება ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიზიტამდეც.

 

ავტორი: იზი ბურნაძე

დღის ამბები