ორმა ევროპარლამენტარმა კრიტიკული გზავნილი, ამჯერად, საქართველოში ევროკავშირის ელჩს გამოუგზავნა. ვიოლა ფონ კრამონმა და მირიამ ლექსანმა, "ტვიტერზე" პაველ ჰერჩინსკის ფოტო გამოაქვეყნეს, სადაც ელჩი, პრემიერ ირაკლი კობახიძესთან და თბილისის მერთან ერთადაა გადაღებული. როგორც ევროპელი პოლიტიკოსები წერენ, საქართველოს მთავრობა დღეს ევროპისგან არ უნდა გრძნობდეს, რომ საქმე ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.
ევროპარლამენტარებს თბილისიდან უპასუხა დიპლომატმა. პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან ყოველთვის ითანამშრომლებს, რათა საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე, წარმატებული ნაბიჯები გადადგას.
ევროპარლამენტარის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას პოლიტიკურ პოზიციად აფასებს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი. ნაწილისთვის კი მათი პოზიცია გაუგებარია.
ვინც მიხეილ სააკაშვილის მეგობარია, ვერ იქნება ქართველი ხალხის მეგობარი - ასე ეხმაურება მმართველი გუნდი ფონ კრამონის კრიტიკას. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებები პარტნიორულ ურთიერთობებს ეწინააღმდეგება.
ევროპარლამენტარებმა სოციალურ ქსელში, პაველ ჰერჩინსკის, ირაკლი კობახიძისა და კახა კალაძის ფოტო მას შედეგ გამოაქვეყნეს, რაც საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში", ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიხსნა.