13 მაისი 2024,   01:13
ვრცლად
როგორ დაისჯება ბელარუსი საჰაერო მეკობრეობისთვის - ევროკავშირმა სანქციები უსწრაფესად, ბიუროკრატიული გაჭიანურებების გარეშე მიიღო

პირდაპირ სამგზავრო თვითმფრინავიდან დაკავებული დისიდენტი ბელორუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დაკავებიდან 24 საათში პირველად ბელორუსულ მედიაში გამოჩნდა. ვიდეოში, რომელიც ტელეკომპანიებს მიაწოდეს, ის ჰყვება, რომ მასობრივი არეულობების ორგანიზებას აღიარებს და ძალიან თავაზიან სამართალდამცველებთან აქვს საქმე. "ზონა ნომერი 1"- ის ადგილია, სადაც ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი პირდაპირ ჰაერიდან, ლუკაშენკოს ტყვეობაში აღმოჩნდა.

"აიძულეს" - ასეთია მამის დასკვნა, რომელმაც შვილის კარგად ნაცნობ სახეზე დაზიანებების დამალვის მცდელობა ამოიკითხა. ასევე გატეხილი ცხვირი და უამრავი გრიმი, რომლითაც, როგორც ჩანს, ყველა ჭრილობის დამალვა მაინც ვერ მოხერხდა, რადგან დაკავებულს შუბლზე ისეთი სილურჯე ემჩნევა, რომელიც თვითმფრინავის ფოტოში არ ჰქონდა. არის სხვა დეტალებიც, რომელმაც მამის ყურადღება მიიპყრო.

ის, რაც მსოფლიოსთვის შოკია, მინსკში მომუშავე ოპოზიციურად განწყობილ ჟურნალისტებისთვის ხშირი მოვლენაა. ტელეკომპანია "ბელსატის" პოლიტიკური ანალიტიკოსი "კურიერს" უყვება, რომ მისი მეუღლე მხოლოდ იმის გამო დააპატიმრეს, რომ საპროტესტო აქციებიდან პირდაპირი ეთერი მიჰყავდა. 

კიდევ ერთი ბელორუსელი კორესპონდენტი, იაროსლავ სტეშიკი რამდენიმე წელია ვარშავაში გადასახლდა და ახლა პროცესებს პოლონეთიდან უყურებს. დღესაც კი მისი ერთ-ერთი თანამშრომელი, ალეს სილიჩი მინსკში დააკავეს. ის ყვება,რომ წამყვანების ნაწილს ოჯახის წევრებით ემუქრებიან. 

ბელორუსის ამ ნაბიჯს ევროკავშირის სანქციები მოჰყვა. ევროკავშირის ლიდერები ყოველგვარი ბიუროკრატიული გაჭიანურების გარეშე უმოკლეს ვადებში შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს, რომ შემსრულებელ პირებსა და უწყებებს სანქციებს დაუწესებენ. მხოლოდ რუსეთია ის სახელმწიფო, რომელიც აღშფოთების ამ ტალღას არ აჰყვა. 

რომან პროტასევიჩთან ერთად მინსკში მისი თანამგზავრი, სოფია საპეგაც დააკავეს, რომელიც რუსეთის მოქალაქეა. მას აგვისტოსა და სექტემბერში ჩადენილ დანაშაულებებს ედავებიან, თუმცა რას - არ კონკრეტდება. საგულისხმოა, რომ იმ დროს გოგონა ბელორუსში სულ არ იმყოფებოდა, რადგან, ოჯახის ცნობით, ის ვილნიუსში ცხოვრობს და სწავლობს. დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ მას რუსი კონსული დაელაპარაკება.

დღის ამბები