09 ოქტომბერი 2024,   20:23
ვრცლად
უკრაინა კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის ემზადება

უკრაინაში საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე ქვეყნის პრემიერმა და პრეზიდენტმა პირველი კონსულტაციები გამართეს. დღეიდან კი დაიწყება კონსულტაციები რადაში ახალი კოალიციის ფორმირების თაობაზე. კოალიციაში მოხვდება ყველა ის სუბიექტი, რომლისთვისაც მისაღებია უკრაინის დემოკრატიული განვითარება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა.

„კონსტიტუციურმა უმრავლესობამ, რომელმაც არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, მხარი დაუჭირა უკრაინის კურსს ევროპისკენ. მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმას და ახლა ელიან დონბასში არსებული ვითარების პოლიტიკურად მოგვარებას. უმცირესობაში რჩებიან დემაგოგები და პოპულისტები, ისინი, ვინც სამხედრო გზას ირჩევენ და ხალხის ყურადღების მიპყრობას ამ მარტივი რეცეპტებით ცდილობენ, როცა პრობლემა ძალიან სერიოზულია. დიდი მადლობა თქვენ, რომ მისმენდით და მხარი დაგვიჭირეთ,” - განაცხადა პოროშენკომ.

უკვე ცნობილია, რომ უკრაინის უმაღლეს რადაში 29-დან 7 პოლიტიკური სუბიექტი მოხვდება, მათ შორის პრემიერ იაცენუკის „ნაციონალური ფრონტი“, ასევე „ოპოზიციური ბლოკი“, „რადიკალური პარტია“ და არ არის გამორიცხული ტიმოშენკოს პარტია „ბატკივშინა“.

განცხადება გააკეთა კიევის მერმაც. ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ უკრაინელმა ხალხმა ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება კიდევ ერთხელ დაამტკიცა, ახლა კი ქვეყანა შიდა და გარე გამოწვევების წინაშე დგას, რისთვისაც ერთიანობაა საჭირო.

კოალიციის ფორმირებაზე ილაპარაკა უკრაინის პრემიერ-მინისტრმაც.

„მე უკვე შევხვდი უკრაინის პრეზიდენტს და უახლოეს ხანებში ჩვენ კოალიციის ფორმირებას მოვახდენთ, რათა ახალმა მთავრობამ და პარლამენტმა შეძლონ საჭირო რეფორმების გატარება. ახალი კოალიციის საფუძველი, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება იქნება. იმედი მაქვს მთავრობის კაბინეტი პროფესიონალებით იქნება დაკომპლექტებული,” - განაცხადა არსენ იაცენუკმა.

იმ შემთხვევაში, თუ ყოფილი პრემიერის იულია ტიმოშენიკოს პარტიას ეყოფა ხმათა რაოდენობა რადაში მოსახვედრად, ის აუცილებლად გაწევრიანდება კოალიციაში. ტიმოშენკო აცხადებს, რომ მისთვის მისაღებია პროევროპული პარლამენტი, რომელსაც უკრაინის მოსახლეობამ დაუჭირა მხარი.

ამავე თემაზე
დღის ამბები