22 მაისი 2024,   17:09
ვრცლად
სან-ფრანცისკომ ტრანსპორტით გადატვირთული გზების ნაწილი საფეხმავლოდ გადააკეთა

სან-ფრანცისკომ ტრანსპორტით გადატვირთული გზების ნაწილი საფეხმავლოდ გადააქცია. ადგილობრივები ითხოვენ, უსაფრთხოებისა და სიწყნარის მიზნით ავტომობილებისგან დანარჩენი გზებიც გაათავისუფლონ. ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში ჩრდილოეთ კალიფორნიის ქალაქმა ავტომობილების გადაადგილებისთვის მთავარი მაგისტრალი ჩაკეტა, რომელიც წყნარი ოკეანის სანაპიროს ესაზღვრება, რათა ადამიანებს კარანტინის პირობებში სარბენად და ველოსიპედით გადაადგილებისთვის მეტი სივრცე ჰქონოდათ. ასევე, ავტომობილის მოძრაობისთვის რამდენიმე სხვა გზატკეცილიც ჩაიკეტა, მათ შორის "ოქროს კარიბჭის" (Golden Gate), რომელსაც წელიწადში 24 მილიონი ადამიანი სტუმრობს.

ჯამში, ტრანსპორტისგან ქუჩების 72 კილომეტრი გაათავისუფლეს. ადგილობრივების ნაწილი ამას მიესალმება და მთავრობას მოუწოდებენ, გზები ტრანსპორტისგან პანდემიის შემდეგაც იყოს გათავისუფლებული.

ადგილობრივები, რომლებიც სანაპიროსთან არსებულ 4 ზოლიან გზატკეცილზე ცხოვრობენ, იხსენებენ, თუ როგორი ხმაურიანი და საფრთხის შემცველი იყო გზა ფეხით მოსიარულე ადამიანებისთვის.

"გათავისუფლებულ ქუჩაზე სანაპიროსა და ტალღების ხმა ისმის. თქვენ თავს ბუნებაში გრძნობთ და ამასობაში სან-ფრანცისკოში იმყოფებით," - აცხადებს ადგილობრივი ველოსიპედისტი ვანესსა გრეგსონი.

ხელისუფლების ინიციატივას მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდა. მათი განცხადებით, ბევრი იძულებულია სამსახურში ხშირად კერძო ტრანსპორტით გადაადგილდეს და ბავშვები სკოლაში ატაროს.

სან-ფრანცისკოში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქალაქი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე უარს ამბობს და გადაწყვეტილებას საფეხმავლო და მწვანე სივრცის სასარგებლოდ იღებს.

დღის ამბები