ევროპული დედაქალაქები "საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის განსხვავებულ ზომებს“ განიხილავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ფაინენშელ თაიმსი დაახლოებულ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მომავალ კვირას დაგეგმილ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, საქართველოსთვის შემაკავებელი ზომების განხილვის ინიციატივით ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი გამოდიან. ვარიანტები საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, მიზანმიმართულ სანქციებსა და ევროკავშირის ფულადი სახსრების გაყინვას მოიცავს. "ფრთხილად უნდა იყოთ, რომ მიზანში არასწორი ადამიანები არ ამოიღოთ“, - განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა.
"სავარაუდოდ, ევროკავშირი ვაშინგტონთან შედარებით უფრო ნელა იმოქმედებს, რადგან ზოგიერთი ქვეყანა შიშობს, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერებამ, შესაძლოა, უკუშედეგი გამოიღოს, რადგან ბოლო კვირების განმავლობაში ათი ათასობით ქართველი, ევროკავშირის დროშებით, კანონის გასაპროტესტებლად ქუჩებში გამოვიდა", - წერს გამოცემა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება ხალხისა და ქვეყნის ინტერესებს ბოლომდე დაიცავს.
"ჩვენმა ქვეყანამ, 2012 წლიდან მოყოლებული, ყველა ის სიკეთე, რომელიც დაიმსახურა, ეს იყო დამსახურებაზე დაფუძნებული და ეს არ ყოფილა რაიმე სახის ბონუსი. ჩვენი საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედება რას ეფუძნება? - ეს არც სამართალში ჯდება და არც - ევროპულ ღირებულებებში. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს,"- აცხადებს ანრი ოხანაშვილი.