პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურა. ანრი ოხანაშვილის შეფასებით, კანონის სამართლებრივი, თანმიმდევრული ლოგიკური ანალიზის ნაცვლად, ვენეციის კომისიამ დაიწყო ქუჩის აქციების შეფასება.
"ვენეციის კომისიამ დაწერა ის, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მართლმსაჯულების 2020 წლის გადაწყვეტილებას. ვენეციის კომისია ამბობს, რომ თურმე გამჭვირვალობა არის ცუდი და არადემოკრატიული. საკითხი შეეხება არა სამართლებრივ, თანმიმდევრულ ლოგიკურ ანალიზს, არამედ ვენეციის კომისიამ დაიწყო ქუჩის აქციების შეფასება. აქაც მიკერძოებულად და ცალმხრივად.
თუ ახალი სტანდარტი აქვს ვენეციის კომისიას, რომ, სამართლებრივი ანალიზის ნაცვლად, ქუჩის აქციების კომისიაა, მაშინ აქაც უნდა იყოს ობიექტური და თანმიმდევრული. ეს მხოლოდ და მხოლოდ რადიკალიზაციას აღვივებს და ახალისებს. ეს რატომ გააკეთეს?! - ჩემი პოზიციაა, რომ ამ რადიკალური ჯგუფებისთვის საბაბი მიეცათ, რათა კონკრეტული ახალი რადიკალიზაციის ტალღა დაეწყოთ," - ამბობს ანრი ოხანაშვილი.
ცნობისთვის, კომისია მიიჩნევს, რომ კანონის არსებული ვარიანტი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და ევროკონვენციას. დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონი ნეგატიურად აისახება შეკრებისა და გამოხატვის, პრივატულობისა და საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებებზე, ასევე გავლენას იქონიებს პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.