იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის პროგნოზით, საქართველოში კოვიდინფიცირებულთა გარდაცვალების რიცხვი მოიმატებს.
როგორც ივანე ჩხაიძემ "დღის კურიერში" სტრუმრობისას განაცხადა, სიკვდილიანობის პიკი ინფიცირების პიკიდან ორ კვირიაში დადგება.
"ის ციფრები, რაც ბოლო პერიოდში გვაქვს ქვეყანაში, ნამდვილად არ არის დამაიმედებელი. მოსალოდნელი იყო შემთხვევების მატების მკვეთრად გამოხატული მეორე ტალღის პიკი მაისის დასაწყისში.
მაისის პირველი ნახევარი ამით გამორჩეული იყო და შემთხვევების მატებიდან ორი კვირის შემდეგ ჩვენ ველოდებით გარდაცვალების პიკსაც, რაც ფაქტია.
ეს ცუდი თავისებურება, რაც კორონავირუსს ახასიათებს, გრძელდება ჩვენთანაც და ინფიცირების პიკს ორი კვირის დაგვიანებით მოჰყვება გარდაცვალების პიკი, ეს კიდევ ერთი მაჩვენებელია იმისი, რომ კორონავირუსი არსად გამქრალა.
შემთხვევები ნაკლებია 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით, მაგრამ, სამწუხაროდ, მეორე ტალღას მოჰყვა აგრესიული მესამე ტალღა, არა იმ რაოდენობით, რაც შემოდგომაზე იყო, თუმცა ჩვენისთანა ქვეყნისთვის 1000-1500 შემთხვევა ძალიან ბევრია, 5 მაისს დაფიქსირდა 2000 შემთხვევა, რაც ძალიან დიდი ციფრია, ეს კიდევ ერთი არგუმენტია, რომ ვაქცინაცია დაჩქარდეს, ეს არის ერთადერთი გამოსავალი, ვირუსი თავისით არ გაქრება," განაცხადა "დღის კურიერში" ივანე ჩხაიძემ.