ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე განმარტავს, რომ რიგი დაწესებულებების მიმართ, რომელიც პანდემიის პირობებში შეზღუდვების დარღვევით, უნებართვოდ ახორციელებდნენ ეკონომიკურ საქმიანობას, დროებითი დალუქვის მექანიზმი გამოიყენეს.
ბექა ფერაძის თქმით, საუბარია მათ შორის ღამის კლუბებზე, რომელთა უმრავლესობის დალუქვაც მოხდა, რაც გარკვეულწილად კარგი პრევენციული საშუალება აღმოჩნდა და საკოორდინაციო საბჭოს შეზღუდვების შემსუბუქების საშუალება მიეცა.
"ბოლო პერიოდში, მასმედიის საშუალებით ფართოდ იქნა გავრცელებულ კადრები, რომელიც უკავშირდებოდა სოციალურ ღონისძიებებს და ე.წ. ღამის კლუბებს, რაც ქმნიდა იმის მაღალ რისკს, რომ ზაფხულის პერიოდში, როდესაც დიდია ინტერესი და ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტული სეზონი, ტურისტული სეზონის რისკის ქვეშ დაყენება ხდებოდა, როდესაც კონკრეტული ვიწრო ინტერესებიდან გამომდინარე, ადამიანთა ჯგუფი არღვევდა რეგულაციებს და ამით საზოგადო ინტერესი იყო შელახული.
ამის გამო შევცვალეთ ჩვენ შესაბამისი მოთხოვნები იზოლაციის და კარანტინის წესებში და ფართის გადაცემა მათ შორის, გავხადეთ დასჯადი და ასევე დროებითი დალუქვის მექანიზმი, რომელიც სხვადასხვა ობიექტების მიმართ გამოვიყენეთ და ის ობიექტები, რომელიც მიუხედავად არა ერთი პრევენციული ღონისძიებისა, კვლავ ახორციელებდნენ არანებადართულ ეკონომიკურ საქმიანობას ე.წ. ღამის კლუბებს, მოვახდინეთ მათი აბსოლუტური უმრავლესობის დალუქვა, შევზღუდეთ მესამე პირების დაშვება აღნიშნულ ობიექტზე, რაც გარკვეულწილად კარგი პრევენციული საშუალება აღმოჩნდა და ამან მოგვცა იმის საშუალება, რომ შეზღუდვები საკოორდინაციო საბჭომ მიიღო შემსუბუქებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვესმის, რომ თითოეულ ეკონომიკურ სუბიექტს აქვს ფუნქციონირების საშუალება, მაგრამ საზოგადო სიკეთე ამ პროცესში დიდია სხვა კუთხით,“ - აცხადებს ბექა ფერაძე.