მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს - ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი კი ისევ დახურულია.
დღეს ამ თემას პროტესტის სხვადასხვა ფორმით გამოეხმაურნენ, მათ შორის ამ წუთებში მიმდინარეობს აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან.
მონაწილეები ხელისუფლებისგან ითხოვენ, უზრუნველყოს პანსიონში შესაბამისი სამსახურების შეშვება და ბავშვების მდგომარეობის შესწავლა.
აქციის მიმდინარეობისას, რადიკალურმა ჯგუფის რამდენიმე წევრმა კონტრაქციის გამართვა სცადა, რასაც ხმაური მოჰყვა. სიტუაცია პოლიციამ განმუხტა. ადგილზე გაშლილია ბანერი, რომელსაც აქციის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს მოთხოვნით, გაიღოს პანსიონატის კარი და სახალხო დამცველს მიეცეს მონიტორინგის საშუალება.
"ჩვნე ვაპირებთ, რომ ბანერზე რომელიც აქციაზე გვაქვს, შევაგროვოთ მოქალაქეთა ხელმოწერები და შემდეგ ეს ბანერი ჩავაბაროთ პარლამენტს, რათა პარლამენტმა დაიბაროს მთავრობა და დღის წესრიგში დააყენოს ნინოწმინდის პანსიონატის პრობლემა და დიდი ბავშვთა სახლების დახურვის თემა, რომლის ვალდებულება სახელმწიფოს უკვე აღებული აქვს,"-აცხადებს კავშირ "საფარის" აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია.
ნინოწმნდის პანსიონატთან დაკავშირებით, განცხადებას აკეთებს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახური. უწყებაში აცხადებენ, რომ ერთი თვეა სიტუაციას ადგილზე სწავლობენ და დარღვევების შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება მოხდება.
"თვეზე მეტია უკვე სოციალური მუშაკი ახორციელებს ვიზიტებს ნინოწმინდის ბავშვთა სახლში. ვიზიტები არის რეგულარული, გვაქვს გაწერილი გეგმა და ხდება ბავშვების ხელახალი შეფასება იმისათვის, რომ მათი საჭიროებები ხელახლა იყოს გააზრებული. თუ იქნება რაიმე დანაშაული გამოვლენილი, რეაგირება იქნება სააგენტოს მხრიდან,"- განმარტავს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელი მერი მაღლაფერიძე.