1 წლისა და 3 თვის შემდეგ საქართველოს სახმელეთო საზღვრები გახსნილია. ტურისტებს, მოგზაურებს, ქვეყნის სტუმრებს შეუძლიათ ყველა გამშვები პუნქტით დილის ათიდან საღამოს რვა საათამდე შეუფერხებლად ისარგებლონ. თუმცა, ვიდრე საზღვარს გადმოკვეთენ, ორი მთავარი მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილონ - წარადგინონ ორჯერადი ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თქმით, ეს გადაწყვეტილება ტურიზმის სფეროს და ტურისტულ სეზონს წაახალისებს. ამ ეტაპზე, საქართველოს სახმელეთო და საჰაერო საზღვარი მსოფლიოს 53 ქვეყნის მოქალაქეებისთვის არის გახსნილი.
ქვეყნის სტუმრებს ევალებათ, სამი დღის შემდეგ კვლავ აუცილებლად გაიკეთონ PCR ტესტი. ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების ნაწილი ფიქრობს, რომ საზღვრების გახსნა ცალსახად დადებითი მოვლენაა, თუმცა, ბარიერების გამარტივება კიდევ შესაძლებელია.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რეგულაციის ცვლილება შეეხო სარესტორნო ბიზნესსაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ისინი შაბათ კვირასაც შეძლებენ სტუმრებს შიდა სივრცეებშიც უმასპინძლონ, რაც დღემდე იკრძალებოდა. აკრძალვა ნარჩუნდება ქორწილებთან და სხვა ტიპის მასშტაბურ შეკრებებთან მიმართებაში.
დღეის მდგომარეობით, საქართველოში თითქმის ყველა სფეროში მკაცრი აკრძალვები სრულად მოხსნილია. რაც კვლავ მოქმედი რჩება, ეს ღამით გადაადგილების საათობრივი შეზღუდვაა, თუმცა, ცვლილება აქაც არის. თუ დღემდე აკრძალვა 23:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქმედებდა, ეს დრო ერთი საათით, დილის 4 საათამდე შემცირდა.