"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე, უფლებადამცველი ანა აბაშიძე აცხადებს, რომ მთავარი მოთხოვნა გახდა არა ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის შესვლა, არამედ ბავშვების გამოყვანა აღნიშნული დაწესებულებიდან, რადგან როგორ ანა აბაშიძემ ღამის კურიერში განაცხადა არსებობს ეჭვი მძიმე დანაშაულებთან დაკავშირებით, მათ შორის ტრეფიკინგთან დაკავშირებითაც:
"აღარ არის სახალხო დამცველის შესვლის მოთხოვნა,ეს არის მეორეხარისხოვანი, პირველხარისხოვანი არის რომ ეს ბავშვები გავიყვანოთ სამშვიდობოს.ამისთვის გაკეთდება ის რომ ხვალ დილით ჩემი ორგანიზაციის თანამშრომლები დაწერენ ახალ სარჩელს, ეს იქნება ახალი ტესტი სასამართლოსთვის. სარჩელის მოთხოვნა იქნებ ერთადერთი დაუყოვნებლივ გაიყვანოს ზრუნვის სააგენტომ ბავშვები ამ სახლიდან,"- განაცხადა ანა აბაშიძემ.
უფლებადამცველმა სხვადასხვა წყაროების მიერ ბავშვების სხვადასხვა რაოდენობის დასახელებაზეც გაამახვილა ყურადღება. როგორც ცნობილია, სახალხო დამცველის აპარატი ზრუნვის სააგენტოზე დაყრდნობით აცხადებს, რომ პანსიონში 56 ბავშვია, სხალთის მიტროპოლიტი რომლის დაქვემდებარებაშიც არის პანსიონი აცხადებს, რომ იქ 150-მდე ბავშვია. ანა აბაშიძის თქმით, ყველანაირი გარემოებაა იმისა, რომ ბავშვების გაყიდვასთან დაკავშირებით ეჭვი არსებობდეს:
"ბალანსი არ ჯდება ცოცხალ ადამიანებთან მიმართებაში, ეს არის ტრეფიკინგის წყარო. ერთ მინიშნებას მოგცემთ გავიკითხოთ რამდენი ადამიანი იხდის სასჯელს ან მოუხდია ბავშვების გაყიდვის დანაშაულის გამო. რამდენი ბავშვი გაუშვილებიათ სახელმწიფოს გვერდის ავლით ფულადი ანაზღაურებით. მე მინიშნებას გაძლევთ, ჩემი საქმე არაა გამოძიება, ყველა ნორმალურ ქვეყანაში პროკურატურა არ დაიძინებდა ამაზე ფიქრით სად არიან დანარჩენი ბავშვები, ამ ქვეყანაში ბავშვების გაყიდვის დანაშაულებს ჩადიან, მაქვს უფლება ეჭვი შევიტანო, სადაც ოფიციალური ორგანო ვერ გვეუბნება რამდენი ბავშვი შევიდა, გავიდა და რამდენია ახლა, ან გვეუბნება და ბალანსი არაა, ეს ხომ ხალხო კარტოფილის "მეშოკი" არაა, ადამიანებზეა ლაპარაკი, მე არ ვამბობ გადაჭრით რომ ვინმე ბავშვებს ყიდის ამ სახლში, მაგრამ გადაჭრით გამოვხატავ ეჭვს, რომ ყველანაირი გარემოებაა იმისთვის, რომ ეს ვიფიქრო,"- განაცხადა ანა აბაშიძემ, მისი თქმით, უფლებადამცველები სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან, ბავშვების პანსიონიდან გამოყვანასთან დაკავშირებით, პარალელურად ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას მიიღებს გაერო და სავარაუდოდ ნინოწმინდის პანსიონის საკითხის შესასწავლად გაეროს თანამშრომლები ჩამოვლენ.