02 მაისი 2024,   18:02
ვრცლად
მკვლელობა "ფეისბუკზე" მიწერილი კომენტარისთვის - ვინ არის კრიმინალური ავტორიტეტი, რომელმაც 16 წლიანი პატიმრობის შემდეგ მამაკაცი მოკლა

წუხელ გორში 42 წლის მამაკაცი სავარაუდოდ ციხიდან გამოსულმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა მოკლა - გავრცელებული ვერსიით, კონფლიქტი Facebook-ზე მიწერილ კომენტარს უკავშირდება.

შალვა გულიაშვილს, მეტსახელად "სემსოტას", 16 წლიანი პატიმრობის შემდეგ ახლაც პოლიცია ეძებს.

მის მეირ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილ ზურაბ რიკრიკაძეს გუშინ საავადმყოფოში მიყვანისას გული ორჯერ გაუჩერდა. მეორედ ექიმებმა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა ვეღარ შეძლეს.​

გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული ზურაბ რიკრიკაძისთვის საკუთარ ფოტოზე Facebook მომხმარებლის კომენტარი მიუღებელი აღმოჩნდა, რის გამოც პირი შეხვედრაზე დაიბარა. რიკრიკაძესთან ახალგაზრდა მამაკაცი მეგობართან ერთად მივიდა, რომელსაც თან ცეცხლსასროლი იარაღიც ჰქონდა. რამდენიმეწუთიან გარჩევას სროლა მოჰყვა, რა დროსაც, რიკრიკაძეს ტყვია არტერიაში მოხვდა და მისი გადარჩენა საავადმყოფოში ვეღარ შეძლეს.

დამნაშავე ადგილიდან მიიმალა, თუმცა მომხდარის შემდეგ მალევე, ადგილობრივებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასიკვდილო გასროლა 37 წლის მამაკაცმა განახორციელა. შალვა გულიაშვილი, მეტსახელად "სემსოტა", კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაახლოებული პირია და 16-წლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ ციხე რამდენიმე კვირის წინ დატოვა.

ადგილობრივების ეჭვს სამართალდამცველების საგამოძიებო მოქმედებებიც ამყარებს - პოლიცია დღეს გულიაშვილის საცხოვრებელ სახლშიც იმყოფებოდა, ჩატარდა ჩხრეკა, გამოიკითხნენ ოჯახის წევრები.

შალვა გულიაშვილისზედმეტსახელად "სემსოტას", კრიმინალური წარსულის შესახებ ინფორმაციას "კურიერის" არქივიც ინახავს, 2005 წელს, მაშინდელი საგამოძიებო უწყებების ინფორმაციით, 21 წლის გულიაშვილი კრიმინალურ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა, ბრალდებული იყო ყაჩაღობისთვის, ის დეპუტატს ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი მისი კუთვნილი ავტომობილი გაიტაცა და მიიმალა, სამართალდამცველებმა რამდენიმედღიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ ის დააკავეს.

"კურიერის" გადამღები ჯგუფი მოკლულის ოჯახშიც მივიდა, თუმცა მის სახლში ახლა არავინ ცხოვრობს. გავრცელებული ინფორმაციით რიკრიკაძის ოჯახის წევრები ახლა საზღვარგარეთ ცხოვრობენ, წლების განმავლობაში თავად მოკლულიც საფრანგეთში იმყოფებოდა, ის გორში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა.

ადგილობრივები ყვებიან, რომ რიკრიკაძეს, მეტსახელად "ტრუტს", წლების წინ მამა მოუკლეს, სავარაუდო მიზეზი კრიმინალური გარჩევა და ანგარიშსწორება იყო. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული მამაკაცი შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, კახა საბანაძის ახლო ნათესავია.

გამოძიება ამ ეტაპზე 117-ე, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს, შესაძლოა დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ ბრალდება დამძიმდეს და მკვლელობის კვალიფიკაცია მიეცეს.

დღის ამბები