03 მაისი 2024,   16:16
ვრცლად
რუსეთი პასუხისმგებელია აგრესიული ქმედებების გაგრძელებაზე ნატოელი მოკავშირეების წინააღმდეგ კიბერსივრცეში - იენს სტოლტენბერგი

რუსულ აგრესიაზე საუბრისას საქართველოს მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება ნატოს გენერალურმა მდივანმა. იენს სტოლტენბერგმა ატლანტიკური საბჭოს ღონისძიებაზე თქვა, რომ რუსეთმა სამხედრო ძალა გამოიყენა საქართველოსა და უკრაინაში. ამასთანავე, კრემლი ცდილობს ალიანსის მოკავშირე ქვეყნების საშინაო პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას.

NATO-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოსა და უკრაინას პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. მისივე თქმით, ალიანსმა შავ და ბალტიის ზღვებში გაზარდა წარმომადგენლობა. სტოლტენბერგის განცხადებით, NATO მტკიცეა რუსეთთან ურთიერთობისას, თუმცა ამასთანავე საჭიროა დიალოგისკენ სწრაფვა.

რუსეთის აგრესიული ქმედებები, მათ შორის სამხედრო აგრესია საქართველოსა და უკრაინაში იყო ის საკითხები, რომლებსაც ვაშინგტონში ჩამოსული NATO-ს გენერალური მდივანი, ალიანსის უსაფრთხოების გაძლიერებაზე საუბრის დროს, თითქმის ყველა შეხვედრაზე იხსენებდა.

იენს სტოლტენბერგი პენტაგონში ამერიკის თავდაცვის მდივანს შეხვდა და მასთან საუბრის დროს ალიანსის უსაფრთხოებაში ინვესტირების აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი.

"ჩვენ ვხედავთ, რუსეთი პასუხისმგებელია აგრესიული ქმედებების გაგრძელებაზე ნატოელი მოკავშირეების და ჩვენი მეზობლების წინააღმდეგ კიბერსივრცეში, ჰიბრიდული მექანიზმებით, ასევე სამხედრო ძალით, რა გზაც მათ გამოიყენეს უკრაინის, საქართველოს და რეგიონში სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ გვჭირდება ინვესტირება ჩვენს უსაფრთხოებაში, რათა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ უზრუნველვყოფთ საიმედო თავდაცვას, არაპროგნოზირებად და კონკურენტულ მსოფლიოში," – აცხადებს იენს სტოლტენბერგი.

მოსკოვის აგრესიის მიუხედავად, ნატოს გენერალურ მდივანი რუსეთთან დიალოგის აუცილებლობასაც ხედავს. პრეზიდენტ ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ მოსკოვთან დიალოგი ალიანსის სისუსტეს არ ნიშნავს.

"დიალოგი რუსეთთან, სისუსტის ნიშანი არ არის. ჩვენ ვართ ძლიერები, ერთიანები და შემდეგ შეგვიძლია რუსეთთან საუბარი და ეს საუბარი გვჭირდება. ნაწილობრივ იმისთვის, რომ უკეთესი ურთიერთობა გვქონდეს. რომც არ გვქონდეს უკეთესი ურთიერთობის იმედი, რთული ურთიერთობის მართვა უნდა შევძლოთ," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

NATO-ს გენერალური მდივანი ხაზს უსვამს, რომ სწორედ რუსეთის სამხედრო აგრესიამ საქართველოსა და უკრაინაში განაპირობა ალიანსის კოლექტიური თავდაცვის განმტკიცებაზე ზრუნვა. მისი თქმით, ყირიმის ანექსიის შემდეგ, NATO-ს გაძლიერებული აქვს ბლოკის აღმოსავლეთ ფლანგი და გაზრდილი აქვს წარმომადგენლობა შავ და ბალტიის ზღვებში. ამ თემაზე სტოლტენბერგმა ადმინისტრაციასთან გამართულ შეხვედრებამდე, ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლის დროს ისაუბრა.

"მათ დააშინეს მეზობლები. გამოიყენეს სამხედრო ძალა მეზობელი ქვეყნების - საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ, მოახდინეს ყირიმის უკანონო ანექსია, დესტაბილიზაცია მოაწყვეს აღმოსავლეთ უკრაინაში. შემდეგ ვნახეთ მათი მცდელობები ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებში და არჩევნებში ჩასარევადკიბერთავდასხმები და სხვადასხვა ტიპის ჰიბრიდული აგრესიული ქმედებები, NATO-ს სხვადასხვა ქვეყნის წინააღმდეგ. სამხედრო მექანიზმების და ჰიბრიდული საშუალებების გამოყენების აგრესიულ ქმედებათა ეს მაგალითები ნატოს ყველა წევრისთვის უდიდესი წუხილის მიზეზია. მხარს ვუჭერთ ჩვენს პარტნიორებს, უკრაინას და საქართველოს, პოლიტიკურად და პრაქტიკულად," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის ეს ვიზიტი ნატოს სამიტის მომზადებას უკავშირდება, რომელიც ბრიუსელში 14 ივნისს უნდა გაიმართოს და მას ჯო ბაიდენი დაესწრება. ეს იქნება პრეზიდენტის რანგში მისი პირველი საერთაშორისო ტურნე, რომელიც მოიცავს ბრიტანეთში დიდი შვიდეულის სამიტზე დასწრებას, რამდენიმე ლიდერთან შეხვედრას, მათ შორის პუტინთან ჟენევაში. ალიანსის სამიტზე, როგორც დღეს ნატოს გენერალურმა მდივანმა თქვა, რუსეთი და ჩინეთი განსახილველ საკითხებს შორის იქნება.

დღის ამბები