ე.წ. მაუგლის მეთოდით ბაშვებისთვის სარეაბილიტაციო ვარჯიშების ჩატარება უკანონო საექიმო საქმიანობად და ბავშვზე ძალადობის ფორმად ცნეს. 30 წლიანი საქმიანობის შემდეგ ქეთევან მერებაშვილს ამ მეთოდით მკურნალობა აეკრძალა და 1000 ლარით დააჯარიმეს. ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მოკვლევით გაირკვა, რომ ქალს, რომელიც მცირეწლოვან ბავშვებზე ე.წ. მაუგლის მეთოდს იყენებდა, არც ერთ საექიმო სპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი არ გააჩნია.
უკანონო საექიმო საქმიანობის განხორციელების ფაქტი ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ სახალხო დამცველის მიმართვის შემდეგ დაადგინა.
ომბუდსმენის აპარატმა რეგულირების სააგენტოს გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა. ქეთევან მერებაშვილი ჯარიმის გადახდას და შესაბამისი სერტიფიკატის აღებას გეგმავს. ამბობს, რომ მისი ვარჯიშები ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის და მეთოდის უპირატესობის დამტკიცებას აპირებს.