გაათავისუფლებენ თუ არა უკანონო პატიმრებს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები - ამ წუთებში ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მორიგი შეხვედრა უნდა დაიწყოს.
საქართველოს დელეგაცია ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ციხეში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვს, მათ შორისაა ზაზა გახელაძე, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმმა 12 წლიანი პატიმრობა შეუფარდა და 2019 წელს გატაცებული გენადი ბესტაევი. გადაწყვეტილებას ადგილზე ელოდებიან ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები.
ისინი შეხვედრას არ ესწრებიან, თუმცა სურთმ რომ პირდაპირ გაიგონ მხარეებისგან პოზიციები, გათავისუფლდება თუ არა ზაზა გახელაძე.
როგორც გახელაძის ოჯახის წევრები ამბობენ, 23 ივნისს გახელაძეს დაბადების დღეა და თუ ამ თარიღამდე უკანონო პატიმრობიდან არ გაათავისუფლებენ, ოჯახის წევრები აქციებს აანონსებენ.
საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებასთან ერთად, ერგნეთის შეხვედრაზე ქართული მხარე უკანონო ბორდერიზაციაზეც ისაუბრებს.
"მთავარ საკითხს წარმოადგენს უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების საკუთარ ოჯახებში დაბრუნების საკითხი, გარდა ამისა, საუბარი შეეხება ბოლო დროს, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს. ჩვენ მომართული ვართ, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეები, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში და ეს აუცილებლად ასე იქნება,"- აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე.
ერგნეთის შეხვედრას, ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდტი დაესწრება რომელიც ერგნეთში იმყოფება.