წყალტუბოს ერთ-ერთ სასტუმროს თავს ორი ქალი და ერთი მამაკაცი დაესხა. ნაცემები არიან თანამშროლები, ჩამსხვრეულია მინები და დაზიანებულია ფასადი.
წინასწარი ინფორმაციით, სამივე თავდამსხმელი ნასვამი იყო. ე.წ. კომენდანტის საათის დროს ჯგუფური ხულიგნობა სასტუმრო "არგოში" მოხდა, რაც კარგად დააფიქსირა ტერიტორიაზე განთავსებულმა ვიდეო კამერებმა.
"კურიერმა" გაარკვია, რომ დაკავებულები ერთი ოჯახის წევრები არიან. ხულიგნობის ფაქტზე და-ძმა ქველიძეები და რძალი დააკავეს. მათგან ერთი არასრულწლოვანი 17 წლის გოგონაა. ყველაფერი კი სასტუმროს ადმინისტრაციის მხრიდან შენიშვნის მიცემას მოჰყვა.
სამართალდამცველებმა სამი პირი შემთხვევის ადგილზე, ინციდენტის დროს აიყვანეს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე დაიწყო. პროკურატურას ბრალის წარსადგენად დაახლოებით 28 საათი რჩება.