ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით შიდა ქართლში აქცია გაიმართა. ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს თბილისიდან ჩასული აქტივისტები და პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ.
აქცია თავდაპირველად დაგეგმილისგან განსხვავებული ფორმით გაიმართა, მსვლელობა ზაზა გახელაძის სახლიდან დაიწყო და სამთავისის მონასტერთან დასრულდა, სადაც აქციის მონაწილეები ლოცვას დაესწრნენ. ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები გეგმების ცვლილებას პროცესში საპატრიარქოს ჩართვით ხსნიან და იმედოვნებენ, რომ ამ ძალისხმევით ზაზა გახელაძის ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახი რადიკალური ზომების მიღებას აანონსებს.
"დღეს ლომისობაა, ლომისის მადლს და ძალას ვფიცავ, სამთავისის ეკლესიის წინაშე ვფიცავ, ჩემს შვილებს და შვილიშვილებს ვფიცავარ, მე თუ კიდე მოვითმინო და ასე გავჩერდე. დილას გავაკეთე აქცია. როგორც ყველაფერი არ იჭმევა, ისე ყველაფერი არ ითქმევა... ამ სიტყვებს მე ჩავყლაპავ ჩემს გულში და თუ ჩემს შვილს არაფერი არ ეშველა, ისეთ რაღაცას გავაკეთებ, რომ ისტორიაში დაიწეროს," - განაცხადა ზაზა გახელაძის მამამ მიხეილ გახელაძემ.
აქციის მონაწილეების ნაწილში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია პროტესტში პოლიტიკოსთა მონაწილეობამ. მათი თქმით, მსგავს აქციას პოლიტიკური ელფერი არ უნდა მიეცეს და რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ ის თავისი ინტერესებისთვის არ უნდა გამოიყენოს.
ადგილზე იმყოფებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც, მათ შორის ხატია დეკანოიძე, გიგა ბოკერია, ელენე ხოშტარია. პოლიტიკოსების თქმით, მათი მიზანია, ხელისუფლება აიძულონ, რომ უფრო გააქტიურდეს და ყველა ბერკეტი გამოიყენოს საკუთარი მოქალაქის ოკუპანტების ტყვეობიდან დასახსნელად.