რა გახდა პაციენტის გარდაცვალების რეალური მიზეზი - ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში აცხადებენ, რომ პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს.
კლინიკაში აცხადებენ, რომ 47 წლის ქალს მძიმე დიაგნოზი ჰქონდა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იყო მოთავსებული.
"დიაგნოზი არის სუნთქვის უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, გულის უკმარისობა. აღენიშნებოდა პაციენტს ანურია, რის გამოც მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, ჩაუტარდა შარდსაწვეთის სტენდირება. კვლევითაც ასევე დადგინდა, რომ ცალი თირკმელი იყო ჰიდრონეფროზული. ჩატარდა სასწრაფო წესით სტენდირება, გადავიდა შემდეგ პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში, გადავიდა მართვით სუნთქვაზე და დაიღუპა.
ჩვენ, როგორც კლინიკა, დაინტერესებული ვართ იმით, რომ გაკეთდეს გაკვეთა პაციენტის, ექსპერტიზა და დადგინდეს სიმართლე," - აღნიშნა კლინიკის წარმომადგენელმა.
ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გარდაცვლილი პაციენტის ოჯახი ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებს. ახლობლების ინფორმაციით, 47 წლის ქალი კლინიკაში გუშინწინ თირკმლის უკმარისობით წყალტუბოდან გადაიყვანეს. ოჯახის თქმით, მას ოპერაცია დაგვიანებით ჩაუტარდა, რამაც გართულება და სიკვდილი გამოიწვია. გარდაცვლილის ოჯახმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ისინი დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ.