ერთ-ერთ საღამოს პიტერ და ლისა მარშალები დივანზე იწვნენ და ტელევიზორს უყურებდნენ, როდესაც პიტერი მას მიუბრუნდა და ჰკითხა - იქორწინებდა თუ არა მასზე. 56 წლის პიტერს აღარ ახსოვდა, რომ ისინი უკვე წლებია ცოლ-ქმარი იყვნენ. ამის შესახებ CNN წერს.
პიტერს ალცჰაიმერის დიაგნოზი სამი წლის წინ დაუსვეს. მას შემდეგ მან ნელ-ნელა დაიწყო თავისი სასიყვარულო ისტორიის დავიწყება. მას დაავიწყდა ცოლთან პირველი შეხვედრა, პირველი კოცნა და ქორწილიც კი.
"ეს ძალიან გულსატკენია. ხანდახან მინდა მას ვუთხრა, "ის ამბავი გახსოვს?" მაგრამ პიტერს ახლაც კი უჭირს რაღაცების დამახსოვრება და 20 წლის წინანდელი ამბები ნამდვილად აღარ ახსოვს," - ამბობს ლისა.
ლისამ და პიტერმა12 წლის წინ იქორწინეს. ისინი ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ, ორივე სხვა ადამიანზე იყო დაქორწინებული და შვილების აღზრდით იყვნენ დაკავებულები, როდესაც ერთმანეთი გაიცნეს. ამიტომ, თავიდან უბრალოდ მეგობრობდნენ. თუმცა შემდეგ პიტერი საცხოვრებლად კონეკტიკუტში გადავიდა. წყვილმა ერთმანეთთან კონტაქტი მას შემდეგ განაახლა, რაც გაიგეს, რომ ორივე განქორწინდა. მას შემდეგ ერთმანეთს არ დაშორებულან.
ლისა იხსენებს, თუ როდის გამოვლინდა პიტერში თავდაპირველად დაავადების სიმპტომები. მისი თქმით, თავიდანვე ამჩნევდა ცვლილებას. პიტერს ხან გასაღებები რჩებოდა, ხან საფულე, ხანდახან სიტყვები ავიწყდებოდა. თავიდან ამ ყველაფერს ასაკის მატებას აბრალებდნენ, თუმცა საბოლოოდ მიხვდნენ, რომ ეს უბრალო გულმავიწყობის ბრალი არ იყო. დროთა განმავლობაში კი პიტერს საკუთარი ცოლი დაავიწყდა.
"სახლისკენ მიმართულებას ისე მაძლევდა, თითქოს უცხო მძღოლი ვიყავი და არ ვიცოდი სად ვცხოვრობდი. შემდეგ ჩვენს სახლში შემიპატიჟა და იქაურობას მათვალიერებინებდა," - იხსენებს ლისა.
გარდა ამისა, ლისა ამბობს, რომ მისთვის ძალიან სასიხარულო იყო, რომ პიტერმა მას ხელი მეორედ სთხოვა.
"ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო. თავს პრინცესად ვგრძნობ, კონკიას მსგავსად, მას ხელმეორედ შევუყვარდი. მე ყველაზე იღბლიანი გოგო ვარ მსოფლიოში", - თქვა ლისამ.
ლიზას თქმით, როდესაც შვილებმა გაიგეს, რომ პიტერმა კიდევ ერთხელ სთხოვა ხელი, ურჩიეს მას, რომ თავიანთი სიყვარულის აღსანიშნად, ქორწილი ხელახლა გადაეხადათ.