20 ნოემბერი 2024,   00:29
ვრცლად
განვითარების ათწლიანი გეგმა - სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მილიარდობით ლარს სახელმწიფო, პრიორიტეტულ დარგში, კერძო სექტორთან ერთად ჩადებს

პირველი უწყება, რომელმაც 10-წლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაცია გამართა, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროა. სწორედ ამ პრეზენტაციაზე ითქვა, რომ მიმდინარე წელს სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის მასშტაბური თანადაფინანსების პროგრამა დაიწყება, რომლის ღირებულება 50 მილიონი ლარი იქნება. გადაწყვეტილებას ფერმერები აფასებენ და ამბობენ, რომ ტექნიკური მხარდაჭერა მათთვის მნიშვნელოვანია.

პროექტის ღირებულება სახელმწიფოს მხრიდან 50 მილიონი ლარი იქნება. მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ პროგრამას, დაახლოებით, 6 ათასამდე ბენეფიციარი ეყოლება, თითო სოფელზე კი, საშუალო გადანაწილებით, 2 ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გაჩნდება. მინისტრის თქმით, ამ გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაში, დაახლოებით, 120 მილიონი ლარის მობილიზება მოხდება.

ვიდრე ტრიბუნას მინისტრი ლევან დავითაშვილი დაიკავებდა, პრემიერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა 10-წლიანი განვითარების გეგმის მნიშვნელობაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მათი ამბიციური გეგმის მიხედვით, მომდევნო წლების განმავლობაში მთავრობის და კერძო სექტორის ერთობლივი ინვესტიციის საერთო მოცულობა 7 მილიარდ ლარს შეადგენს. დღესვე, მთავრობის მეთაური ლევან დავითაშვილთან ერთად იმ ბენეფიციარებს შეხვდა, რომლებმაც სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებით ისარგებლეს. მათ პრემიერს მიაწოდეს ინფორმაცია, თუ როგორ მიმდინარეობს საწარმოების განვითარების პროცესი. ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული პროდუქტების ექსპორტის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

დარჩენილი 12 სამინისტრო საკუთარი მიმართულებით 10 წლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციას, მომდევნო დღეების განმავლობაში წარმოადგენს. 

დღის ამბები