ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაო ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა - ეს არის სასჯელი, რომელიც სოციალური ქსელის დღევანდელ ანტიგმირს ემუქრება. ასობით პლასტმასის ბოთლი მოქალაქემ მდინარე ქციაში მიზანმიმართულად ჩაყარა და ფაქტი მობილური ტელეფონით, თანამზრახველს გადააღებინა.
ვიდეომასალაში ჩანს ისიც, რომ ამ დროს ადგილზე სხვა მოქალაქეებიც იმყოფებიან, თუმცა ხელის შეშლას არავინ ცდილობს.
რატომ დააბინძურა პოლიეთილენის ბოთლებით ახალგაზრდა მამაკაცმა გარემო, ოფიციალური მიზეზი ცნობილი არ არის, თუმცა, არსებობს ვერსია, რომ შარიფოვმა სხვადასხვა ბრენდირებული ბოთლები საგანგებოდ შეაგროვა, ვერ ჩააბარა და განაწყენებულმა ნარჩენები პირდაპირ მდინარე ქციაში ჩაყარა.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს შემდეგ გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამართალდამრღვევი დაადგინა - ის ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელია. გარემოს დანაგვიანებისა და წყლის ობიექტის დაბინძურებისთვის მას, დიდი ალბათობით, დაახლოებით, 3000 ლარიან ჯარიმას დაუწერენ, პლასტმასის ასობით ბოთლი კი კვლავ მდინარეში დარჩება.