ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით დელტა შტამით ინფიცირებულებსაც მკურნალობენ, ინფორმაცია კლინიკის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ "ღამის კურიერში" დაადასტურა. მისი თქმით, აღნიშნული შტამის სიმპტომები არ არის სხვა ვარიანტებისგან დიდად განსხვავებული, თუმცა პაციენტების რამდენიმე მკვეთრად გამოხატული ნიშანი აქვთ:
"მას მეტად ახასიათებს სურდო, წყლისებური სურდო, ცხვირიდან მეტი გამონადენი, მეტად ახასიათებს თავის ტკივილი, მეტად ახასიათებს ჩვეულებრივი გრიპის სიმპტომატიკა - უფრო მეტად, ვიდრე სხვა შტამებით გამოწვეულ კოვიდს. მაგრამ, ეს განსხვავება არ არის ისეთი თვალსაჩინო, რომ მარტო ამით დიაგნოზი დაისვას," - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ე.წ. დელტა შტამი სხვა შტამებთან შედარებით, გაცილებით სწრაფად გადამდებია. მისი თქმით, კვლევების შედეგად გამოჩნდა, რომ ე.წ. დელტა შტამი უფრო მძიმე ფორმებს იძლევა:
"ბრიტანულ შტამს ჰქონდა 50%-ით მეტი გადამდებლობა, ვიდრე სტანდარტულ ჩინურს, ინდურს აქვს 50%-ით მეტი გადამდებლობა, ვიდრე ბრიტანულს. ანუ, ის ძალიან სწრაფად ვრცელდება. ამიტომ ხდება ის დომინანტი, მათ შორის ბრიტანეთში, რომელიც ბრიტანული შტამის სამშობლოა, მაგრამ გადაფარა ე.წ. ინდურმა შტამმა. ის იძლევა უფრო მძიმე ფორმებს. ყველაზე სერიოზული კვლევით. ბრიტანული შტამი იძლევა უფრო მძიმე ფორმებს და ეს დადასტურებლად ითვლება, ინდურ შტამზე ჯერ კვლევები არ არის დამთავრებული, მაგრამ უკვე გამოითქვა ძალიან ავტორიტეტულ ექსპერტებისგან, რომ ის იძლევა გაცილებით უფრო მძიმე შემთხვევებს. ის კლინიკური ნიშნები, რაც ჩვეულებრივ აქვს კოვიდს, დაწყებული პნევმონიის მოცულობით და ინტენსივობით, გაგრძელებული ჰაერის უკმარისობით და ჟანგბადდამოკიდებულების ხარისხით და ა.შ.“ - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.