ლისი-მუხათწყაროს გზაზე გადაადგილება კვლავ შეზღუდულია და ახალი მეწყრული ზონის შესწავლა გრძელდება.
დღეს მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულმა დავით ნოზაძემ ლისი-მუხათწყაროს მონაკვეთზე მეწყრული პროცესების გააქტიურებასთან დაკავშირებით შუალედური დასკვნა წარადგინა.
მისი თქმით, მეწყრული პროცესების გააქტიურება რეგიონში ატმოსფერული ნალექების ინტენსივობის გაზრდითაა გამოწვეული. დეტალური დასკვნა კი რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება.
"რაც შეეხება დეტალურ დასკვნას, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, რის შემდეგაც გამოიყოფა შესაბამისი თანხები, საპროექტო, საინჟინრო და სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაწყებად. მანამდე აქტიური რჩება გადაადგილების შეზღუდვა, რაც შეეხება საფრთხეს და მის მდგომარეობას, მიუხედავად იმისა, რომ მეწყრული პროცესები აქტიურია, მინდა დაგარწმუნოთ, რომ მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება," - განაცხადა დავით ნოზაძემ.