20 ნოემბერი 2024,   00:24
ვრცლად
საპატრიარქო ელჩებს და ევროპარლამენტარებს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს და ორშაბათს რუსთაველზე თანამოაზრეების შეკრებას აანონსებს

საქართველოს საპატრიარქო "თბილისი პრაიდის" კვირეულთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საპატრიარქოს მიაჩნია, რომ გარკვეული საელჩოები და ევროპარლამენტარების ნაწილი ქვეყნის ცხოვრებაში მკვეთრად ერევა, რაც  საპატრიარქოს შეფასებით უფლებამოსილების გადამეტებაა.

ამასთან საპატრიარქო, 5 ივლისს, რა დღესაც "ღირსების მარშია" დაგეგმილი,  თანამოაზრეებს რუსთაველზე, ქაშვეთის ეკლესიასთან შეკრებისკენ მოუწოდებს

"ა.წ. 29 ივნისს გაკეთებული განცხადებით საქართველოს საპატრიარქომ "თბილისი-პრაიდისორგანიზატორებსა და საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს მიმართა, რათა, ქვეყნის სტაბილურობისა და სამოქალაქო სიმშვიდის შენარჩუნების მიზნით, თავი შეეკავებინათ ლგბტქ+ პროპაგანდისტული აქტივობების მხარდაჭერისაგან.

იმედი გვქონდა, რომ ისინი ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის არჩევანს არ უგულებელყოფდნენ, მაგრამ ბოლო დღეების მოვლენებმა ნათლად აჩვენა, თუ რა ზეწოლაც ხორციელდება ქვეყანაში.

ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის შემაშფოთებელი და მიუღებელია გარკვეულ საელჩოთა და ევროპარლამენტარების ნაწილის მკვეთრი ჩარევა ჩვენს საზოგადოებრივ და სულიერ ცხოვრებაში და ვთვლით, რომ ეს მათი უფლებამოსილების გადამეტებაა.

ამასთან, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ე.წ. "პრაიდის" მიზანი არის გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პროპაგანდა, რომელიც აზიანებს მომავალი თაობის ცნობიერებას; ეს ქმედება ჩვენს ხალხში, განურჩევლად ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებისა, დაძაბულობასა და არეულობას იწვევს.

ყოველივე ამაზე კი, პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნული აქტივობების ორგანიზატორებსა და მხარდამჭერთ

მივმართავთ მოსახლეობას, მშვიდობიანად დავაფიქსიროთ ჩვენი პროტესტი, და არ ავყვეთ ძალადობრივი კონფრონტაციისათვის მიზანმიმართულ პროვოკაციას.

ა.წ. 5 ივლისს, 17 სთ.ზე, შევიკრიბოთ ქაშუეთის წმ.გიორგის ტაძართან, აღვავლინოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია,"- აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში. 

დღის ამბები