ვაქცინაციის პორტალის პარალიზება მასობრივი იმუნიზაციის პროცესის დასაწყისზე აისახა. შესაბამისად, ყველაზე დიდ სამედიცინო დაწესებულებაში დღეს ამცრელი კაბინეტები ცარიელი იყო. დაბალი აქტივობის ფონზე, შეძლებს თუ არა ქვეყანა ვაქცინაციის გეგმის შესრულებას? პროგნოზების გაკეთება კვირის ბოლოს იქნება შესაძლებელი, რეალური შედეგი კი - თვის ბოლოს. 25 დღეში ნახევარი მილიონი ადამიანი უნდა იყოს აცრილი.
მარტივად დარეგისტრირებაში მოქალქეებს ვაქცინაციის ოფიცრები დაეხმარებიან. ის, ვისაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვს და იმუნიზაციის პროცესში ჩართვას ვერ ახერხებს, ვაქცინაზე ჯავშანს კლინიკაში ადგილზე ოფიცრების დახმარებით შეძლებენ. მაშველი ჯგუფები რესპუბლიკურ საავადმყოფოს უკვე ჰყავს. კლინიკაში 26 ამცრელი კაბინეტია. გეგმის მიხედვით, დღის განმავლობაში 3000 ადამიანის ვაქცინაციაა შესაძლებელი.
დედაქალაქისგან გასხვავებით, საზოგადოების აქტიურობა მაღალია აჭარის რეგიონში. დილიდან ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ხალხმრავლობა იყო. აჭარაში 26 000-ზე მეტი ვაქცინა ჩავიდა.
პანდემიის ეფექტური მართვისთვის, სპეციალისტების განმარტებით, უკვე შემოტანილი პრეპარატები საკმარისი არ არის. მედიკოსები ამბობენ, რომ Pfizer-ის, Moderna-სა და AstraZeneca-ს დოზები დროულად უნდა შემოვიდეს ქვეყანაში.
საქართველოსთვის ტესტი ივლისის თვე იქნება. ეს არის პერიოდი, როდესაც მილიონი დოზა "ფაიზერი" და AstraZeneca-ს დამატებითი დოზები უნდა შემოვიდეს ქვეყანაში.