ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და ევროკავშირმა საქართველოს ცივი ჯაჭვის აქსესუარები გადასცა. საქართველოს დახმარების სახით გადაეცა ლეპტოპები, ვაქცინის სატარებელი სპეციალური ყუთები, ყინულის სამედიცინო მაცივარი და მათი აქსესუარები, ასევე თერმომეტრი და სპეციალიზებული ვაქცინაციის ავტომობილი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული დახმარება ევროკავშირისა და ევროპის გუნდის მიერ გაწეული ფართო მხარდაჭერის ნაწილია.
"დღევანდელი საჩუქარი, რაც ჩვენ ევროკავშირისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საშუალებით მივიღეთ, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ვაქცინაციის მეტად გაფართოებას და ვაქცინაციის, ეგრეთ წოდებული, მასობრივი ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერისთვისაა განკუთვნილი" - განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.