მოსამართლე რომან ხორავამ ბრალდებულების ქმედებას სასამართლო დარბაზშივე სიბნელე და სირცხვილი უწოდა. მოსამართლემ ჟურნალისტებზე თავდასხმის გამო დაკავებულებს უთხრა, რომ რაც მათ 5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩაიდინეს, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა.
ამ მიმართვის შემდეგ, მოსამართლე ხორავამ, გადაწყვეტილებაც გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანია "ტვ პირველის" ჟურნალისტის, ოპერატორის და "მთავარი" არხის ოპერატორის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის ოთხივე დაკავებული 2-თვიან პატიმრობაში დატოვა.
წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ და კატეგორიულად გამორიცხავენ მათი მხრიდან ძალადობას დაკავებულები. ჩხუბში მონაწილეობას კი ემოციურ ფონს უკავშირებენ.
გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ადვოკატებმა პროცესზე დაცვის ქვეშ მყოფების გათავისუფლება მოითხოვეს, აღკვეთის ღონისძიებად კი მოსამართლეს 5000, 3000 და 2000 ლარიანი გირაოს გამოყენება შესთავაზეს.
მედიის წარმომადგენლებზე ძალადობისთვის დაკავებულთა რიცხვი იზრდება. პროკურატურამ ბრალი კიდევ 5 პირს წარუდგინა. მათ შემთხვევაშიც საგამოძიებო უწყება აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს.
დაკავებების პარალელურად, დამნაშავე პირების დადგენის მიზნით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით შინაგანს საქმეთა მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა. ვახტან გომელაურის თქმით, ყველა პირი, ვინც მედიას თავს დაესხა, კანონის წინაშე აგებს პასუხს.
5 ივლისის საქმეზე, ამ ეტაპზე, დაზარალებულის სტატუსით 29 ჟურნალისტი სარგებლობს, თუმცა ეს რიცხვი გაიზრდება. სამართალდამცველები სხვადასხვა ტელევიზიის მიერ გადაღებულ ვიდეომასალებს სწავლობენ.
ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმაში კიდევ 5 ბრალდებულის პროცესი მიმდინარეობს. ბრალდების მხარემ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა, რომ 5-ვე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა იქნას გამოყენებული. აღნიშნული 5 ბრალდებულიდან ორი დანაშაულს აღიარებს.