ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისშია, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარის ქართველმა კოლეგამ უმასპინძლა. მან ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს და ინდოეთს კარგი ურთიერთობა აქვთ და ამ ვიზიტით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
"ჩვენ განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის და ტურიზმის საკითხები. საქართველოს და ინდოეთს კარგი ურთიერთობა აქვთ. როგორც იცით, საქართველოში ბევრი ინდური პროექტი მიმდინარეობს. თქვენს ქვეყანაში ბევრი ტურისტი ჩამოდის ინდოეთიდან და ათასობით ინდოელი სტუდენტი სწავლობს. ყველა სექტორში კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ ამისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ვიზიტით ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება," - განაცხადა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარიმ.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"მისი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლავთ წმინდა ქეთევან წამებულის ნაწილების გადმოცემა საქართველოსთვის, რაც არის ძალიან დიდი მნიშვნელობის მოვლენა. რა თქმა უნდა, დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობის ყველა ძირითად მიმართულებაზე. ინდოეთი, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე დღევანდელ მსოფლიოში, დაინტერესებულია საქართველოს შესაძლებლობებით, ჩვენი ინფრასტრუქტურის გამოყენებით, იმისთვის, რომ ეს არის მათი უმოკლესი გზა ევროპასთან და ამ შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებაზე ვისაუბრეთ და მართლა ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს,“ - აცხადებს დავით ზალკალიანი.
დიდმოწამე დედოფლის წმინდა ნაწილის საქართველოსთვის და ქართველი ერისთვის დაბრუნების საქმეში ინდოეთის მინისტრმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
დავით ზალკალიანის თქმით, ვიზიტს დაემთხვა თბილისში ინდოეთის ეროვნულ განმათავისუფლებელი და არაძალადობრივი მოძრაობის ლიდერის, მაჰათმა განდის ძეგლის გახსნა.
ეს მოვლენა განდის 150 წლის იუბილეს ეძღვნება. მინიტრებმა ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის ურთიერთობებზე.