"კურიერის" ექსკლუზიური ინტერვიუ ინდოელ არქეოლოგთან, რომელიც წმინდა ქეთევან დედოფლის ნეშტს ინდოეთის ტერიტორიაზე წლების განმავლობაში ეძებდა. ავგუსტინელი ბერების მიერ აშენებულ კათოლიკურ მონასტერში, რომელიც მიწისძვრის შემდეგ დააკონსერვეს, არაერთი უშედეგო ექსპედიცია ჩატარდა.
წყაროებში ნახსენები იყო სვეტი, რომლის ქვეშაც დამარხული უნდა ყოფილიყო ქეთევან დედოფლის ნეშტი. ინდოელმა არქეოლოგმა კოლეგებისგან განსხვავებით, ახალი ტაქტიკა და სქემა შეარჩია, ჩანაწერი უკუღმა წაიკითხა, რამაც გაამართლა. აღმოჩნდა, რომ ნეშტი საპირისპირო მხარეს იყო.
"რუსთავი 2"-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ნიზამუდინ ტაჰირი იმ ხანგრძლივ პერიოდზე საუბრობს, რაც მეცნიერებს იმის დასამტკიცებლად დასჭირდათ, რომ ნაპოვნი ნეშტი ნამდვილად ქეთევან დედოფალს ეკუთვნოდა.
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები თბილისში საგანგებოდ ინდოეთის დელეგაციამ ჩამოაბრძანა. "კურიერმა" ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და სრულუფლებიანი ელჩი ექსკლუზიურად ჩაწერა. დიპლომატები გვიყვებიან, თუ რატომ გვიბრუნებს ინდოეთი წმინდა ნაწილებს აღმოჩენიდან 15 წლის შემდეგ.
საქართველოში დედოფლის წმინდა ნაწილების სამუდამო დაბრუნებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის დარისპან პრაშერს. დარისპანი უკვე 10 წელია საქართველოს მოქალაქეა, ისწავლა ქართული და წლების განმავლობაში ორი უძველესი კულტურის დაახლოებაში დიდ ძალისხმევას დებს.
საუკუნეების შემდეგ ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ორი ქვეყნის მეგობრობის სიმბოლოდ იქცა, რომელმაც შესაძლოა კიდევ უფრო ძლიერ კავშირს ჩაუყაროს საფუძველი.