გახელაძეების ოჯახს ოცნება ზუსტად 1 წლისა და 3 დღის შემდეგ აუსრულდა - უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის გათავისუფლებას ისინი 2020 წლის 11 ივლისიდან დღემდე ელოდნენ. იყო გათავისუფლების მოთხოვნით მოწყობილი მსვლელობებიც და აქციებიც.
პროცესში ჩართული იყო საქართველოს პრეზიდენტიც. ქართული მხარე გახელაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას საერთაშორისო საზოგადოების დონეზეც ითხოვდა. ეს მოთხოვნები ისმოდა ვაშინგტონშიც. პროცესში ჩართული იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიც, რომელმაც რუსეთის პატრიარქს წერილიც გაუგზავნა და სთხოვა, რომ შუამდგომლობა გაეწია.
პროცესში ჩართული იყვნენ ჰუმანიტარული ორგანიზაციებიც. ზაზა გახელაძემ ერთწლიანი ტყვეობის დროს ოჯახთან კონტაქტი სწორედ მათი საშუალებით, წითელი ჯვრის დახმარებით შეძლო.
33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს , კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს.
გატაცებამდე კი ფეხის არეში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. უკანონოდ დაპატიმრებულს დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით წაუყენა ბრალი, 5 თებერვალს კი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.