20 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
კორონავირუსის დელტა შტამი მსოფლიო გამოწვევად იქცა - ქვეყნები ზომებს იღებენ, ჯანმო კი მორიგ ტალღას აანონსებს

დელტა ვარიანტი უკვე 111 ქვეყანაშია. სწრაფი გავრცელების გამო B.1 617.2, შესაძლოა, მსოფლიოში დომინანტური შტამი გახდეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ვირუსის განვითარებასთან ერთად მოსალოდნელია COVID-19-ის უფრო გადამდები ვარიანტები გამოჩნდეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მსგავსად ევროპის წამლის სააგენტოშიც მიიჩნევენ, რომ აგვისტოს ბოლოსთვის დელტა ვარიანტის წილი ევროკავშირში გავრცელებულ ვირუსის ვარიანტებს შორის 90% იქნება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ევროპის კონტინენტზე, 30 პროცენტით არის გაზრდილი ახალი შემთხვევების რიცხვი. რის გამოც შესაბამისი ზომები უკვე მიიღო საფრანგეთმა, სადაც მომდევნო თვიდან რესტორნებში, ბარებსა და კინოთეატრებში შესასვლელად ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა იქნება საჭირო.

დელტა შტამის გამო გაორმაგებულია ინფიცირების შემთხვევები ბელგიაში, ავსტრიასა და საბერძნეთში. ამ ქვეყნებმა უკვე დააწესეს მოგზაურობაზე შეზღუდვები. ავსტრიაში სავალდებულოა ღია სივრცეში პირბადის ტარება, საბერძნეთმა კაფე ბარებსა და რესტორნებში კოვიდ სერტიფიკატის წარდგენა მოითხოვა. რეგულაციები გაამკაცრა პორტუგალიამაც, სადაც დელტა ვარიანტის შემთხვევების ზრდის გამო კომენდანტის საათი დაწესდა. 

35 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა შეერთებულ შტატებში ბოლო 24 საათში. ჯანდაცვის ექსპერტები აცხადებენ, რომ ახალი შემთხვევებიდან 60 პროცენტი სწორედ დელტა შტამზე მოდის. ამიტომ დელტა შესაძლოა დაკავშირებული იყოს ჰოსპიტალიზების უფრო მაღალ რისკთანაც

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დელტა შტამთან გასამკლავებლად ვაქცინის მინიმუმ 2 დოზა მაინც არის საჭირო. 

დღის ამბები