26 აპრილი 2024,   16:38
ვრცლად
მისტიკური დაავადება, რომელიც ტვინს აზიანებს - ამერიკელი დიპლომატები ვენაში ამოუცნობი სენით ავადდებიან

ავსტრიის დედაქალაქში, ვენაში ამერიკელ დიპლომატებსა და საელჩოს ადმინისტრაციის თანამშრომლებს უცნობი დაავადება აქვთ, BBC-ს ინფორმაციით, შემთხვევებს ამერიკის ხელისუფლება იძიებს.

20-ზე მეტ მაღალჩინოსანს ჰავანას სინდრომის მსგავსი დაავადება დაემართა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა. სინდრომი, ჯერჯერობით, ამოუხსნელია, თუმცა ამერიკელი მეცნიერები ამბობენ, რომ ეს, შესაძლებელია, მიმართული მიკროტალღური გამოსხივების შედეგი იყოს.

სინდრომი პირველად კუბაში, 2016-2017 წლებში დაფიქსირდა. ჰავანაში ამერიკელ და კანადელ დიპლომატებს ჰქონდათ ძლიერად გამოხატული სიმპტომები - თავბრუსხვევა, ბალანსის დაკარგვა, სმენის დაქვეითება, შფოთვა... ამერიკამ კუბა "ბგერით თავდასხმაში" დაადანაშაულა, რასაც კუბა კატეგორიულად უარყოფდა. ინციდენტის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა.

2019 წელს აშშ-ში დაადგინეს, რომ დიპლომატებს, რომლებიც ჰავანაში გახდნენ ავად, ტვინის ანომალიები აღენიშნებოდათ. 

რაც შეეხება ვენას, შემთხვევების შესახებ პირველად პარასკევს ჟურნალმა "ნიუ-იორკერმა" დაწერა, მოგვიანებით ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა. 

ავსტრიის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი წერია, რომ თანამშრომლობენ ამერიკელ სამართალდამცველებთან, რომ ერთობლივად გამოიძიონ დაავადებების მიზეზი. 

ვენაში აშშ-ს ფართო დიპლომატიური წარმომადგენლობა ჰყავს. 

დღის ამბები