250-ზე მეტი საბჭოთა მოზაიკა მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა შენობებზე, ფაბრიკებსა თუ ქარხნებზე. მონუმენტურ-დეკორატიულ მოზაიკებს საბჭოთა პერიოდში, 30 წლის განმავლობაში, მთელ საქართველოში სხვადასხვა საჯარო ადგილას ქმნიდნენ. ბევრს დანგრევისა და გაქრობის საფრთხე ემუქრება.
სწორედ ამიტომ, ფონდი რიბირაბო კულტურული მემკვიდრეობის პასპორტიზაციას იწყებს. კვლევა, აღრიცხვა, დასურათება და საბოლოოდ ერთ კატალოგში თავმოყრა. პირველი ეტაპის შემდეგ, სავარაუდოდ, დაიგეგმება ყველაზე გამორჩეული ნიმუშების რესტავრაცია-კონსერვაციის საკითხიც.
მოზაიკები არა მარტო ხელოვნების ნიმუშად, არამედ უნიკალურ ისტორიულ დოკუმენტებად უნდა განიხილებოდეს, რაც სახვითი ხელოვნების ენით, ამა თუ იმ ისტორიულ ეპოქას დეტალურად აღწერს. ფონდი რიბირაბოს პროექტი ამ ისტორიული მემკვიდრეობის ყოველმხრივ დაცვასა და მომავალი თაობისთვის შენარჩუნებას გულისხმობს. პროექტი ქართული მოზაიკისა და უშუალოდ მასთან დაკავშირებული გამოყენებითი დიზაინის დარგების მხარდაჭერისა და განვითარებისკენაა მიმართული.