იტალიაში ვაქცინაციის მოწინააღმდეგეების პროტესტი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ქვეყნაში საშვების ამოქმედება მომავალი კვირიდან დაანონსდა , რის მიხედვითაც, მოქალაქეს რომელსაც სპეციალური ბარათი არ ექნება, ვერ ისარგებლებს სპორტული დარბაზის, საცურაო აუზების, მუზეუმების, კაზინოების, კინოთეატრებისა და დახურულ რესტორნების მომსახურებით.
იტალიის მსგავსად, საზოგადოების აზრი ორადაა გაყოფილი საფრანგეთშიც. ასობით ფრანგმა არჩევანის თავისუფლება მოითხოვა და მთავრობას მიღებული გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდა.
პანდემიის არაეფექტური მართვა გააპროტესტეს ტაილანდში. 200 ათასზე მეტმა ტაქსის მძღოლმა, პროტესტის ნიშნად, ავტომობილები გააჩერეს და ხელისუფლებას დახმარება სთხოვეს.
ვაქცინაციის მიუხედავად, დელტა შტამის გამო ინფექციის გავრცელების სტატისტიკა მზარდია თითქმის ყველა სახელმწიფოში.
4 კვირით ახანგრძლივებს ლოქდაუნს სიდნეი, შეზღუდვები ძალაში აგვისტოს ბოლომდე დარჩება. ვიქტორიაში სავალდებულოა პირბადის ტარება ღია და დახურულ სივრცეებში. ადგილობრივ მოსახლეობას ეკრძალება სტუმრების მიღება.
ამ დროისთვის იმუნიზაციის პროცესი მსოფლიოს 180 ქვეყანაში მიმდინარეობს და დღეში 34 მილიონი ადამიანი იცრება. ყველაზე მეტი, მილიარდ ნახევარი დოზა ვაქცინა ჩინეთში გამოიყენეს. მას ევროკავშირი, ინდოეთი და შეერთებული შტატები მოჰყვება.