მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვმა 198 მილიონს გადააჭარბა. ვირუსს გავრცელებიდან დღემდე ოთხ მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ამჟამად ვირუსის დელტა შტამი ყველაზე მაღალი გავრცელებით გამოირჩევა და მალე დომინანტი იქნება მთელს მსოფლიოში.
დელტა შტამის გავრცელების გამო, სახელმწიფოები კვლავ რეგულაციებს ამკაცრებენ. მათ შორისაა გერმანია. პირველი აგვისტოდან გერმანიაში შესვლისას მგზავრთა უმეტესობისთვის კორონავირუსზე ტესტის ჩაბარება სავალდებულო ხდება. ტესტის ჩაბარების ვალდებულებისგან მხოლოდ 12 წლამდე ბავშვები გათავისუფლდებიან, ასევე, ის პირები, ვისაც რეგულარულად უწევს საზღვრის გადაკვეთა სამსახურის გამო, ან ფლობს ე.წ. კოვიდსერთიფიკატს.
ზომებს იღებს ავსტრალიაც. ხელისუფლება სიდნეიში ასობით ჯარისკაცს აგზავნის. სამხედროებს ქალაქში დაწესებული ლოკდაუნის რეჟიმის გაკონტროლება დაევალებათ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დელტა ვარიანტის გავრცელების გამო, მსოფლიო COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, რთულად მოპოვებული წარმატებების დაკარგვის საფრთხის წინაშეა.
ჯანმოში ამბობენ, რომ დელტა ვარიანტი უხანში გამოვლენილ ვარიანტთან შედარებით 50%-ით უფრო გადამდებია.
დელტა შტამთან გამკლავების ერთადერთ ბერკეტად, ჯანდაცვის ექსპერტები ვაქცინაციას ასახელებენ. ამ დროისთვის იმუნიზაციის პროცესი, მსოფლიოს 180 ქვეყანაში მიმდინარეობს და დღეში 34 მილიონი ადამიანი იცრება. ყველაზე მეტი, მილიარდ ნახევარი დოზა ვაქცინა - ჩინეთში გამოიყენეს. მას ევროკავშირი, ინდოეთი დაა შეერთებული შტატები მოჰყვება.