20 ნოემბერი 2024,   00:17
ვრცლად
"ფიცხი, მაგრამ საოცრად კეთილი უვერცხლო მოძღვარი" - არქიმანდრიტ იოაკიმეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს

არქიმანდრიტ იოაკიმე ასათიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს:

"მამა იოაკიმეს წასვლით საქართველოს ეკლესიას ძველი თაობის რჩეული წარმომადგენელი გამოაკლდა.

გულმხურვალე, ღვთისა და მოყვასისათვის თავდადებული, ფიცხი, მაგრამ საოცრად კეთილი უვერცხლო მოძღვარი, მრავალთა გადამრჩენელი, დაუცხრომელი მლოცველი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ქართულით მეტყველი უშიშარი ტკბილი მამა, რომელმაც დიდი ტკივილებით და წინააღმდეგობებით სავსე თითქმის ასწლოვანი ცხოვრება განვლო და რწმენის საოცარი მაგალითები გვიჩვენა. მხოლოდ ერთს გავიხსენებ, - მოქვისა და ბედიის ეკლესიების გასხსნისთვის გაწეული შრომისათვის კომუნისტურმა რეჟიმმა იგი დააპატიმრა და შეურაცხადად გამოაცხადა. გაუძლო ამ განსაცდელს და სხვაც მრავალი გადაიტანა.

აღვავლენთ ლოცვებს მამა იოაკიმეს უკვდავი სულისთვის და შევთხოვთ უფალს, სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და სულიერ შვილებს მომადლოს მშვიდობა და ლოცვის ძალა," - ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

დღის ამბები