16 ნოემბერი 2024,   20:35
ვრცლად
მკვლელობის განხილვა პოლიტიკურ ჭრილში - ავსტრალიის მოქალაქის მკვლელობა ოპოზიციისა და "ოცნების" ურთიერთბრალდებების მიზეზი გახდა

31 წლის ავსტრალიელი მასწავლებლის მკვლელობა დღეს პოლიტიკოსების ერთ-ერთ მთავარ განსახილველ თემად იქცა. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარემ ფაქტს საკუთარ სოციალურ ქსელში სპეციალური სტატუსიც მიუძღვნა და კრიმინალური შემთხვევა პირდაპირ პოლიტიკას დაუკავშირა. ნიკა მელიას პოზიცია პარტიის სხვა წევრებმაც გაიზიარეს. 

ოპონენტს მალევე მმართველ გუნდში უპასუხეს. დეზინფორმაცია, ტრაგედიით მანიპულირება და მსოფლიოს თვალში ქვეყნის იმიჯის შელახვა - ასეთია "ნაციონალური მოძრაობის" ქმედების "ოცნებისეული" შეფასება. 

ახალგაზრდა ქალის მკვლელობას კრიმინოგენული სიტუაციის დამძიმებას უკავშირებენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც, "გირჩის" გამოკლებით, სადაც მძიმე შემთხვევების პრევენციისთვის, იარაღის ტარების ლეგალიზებას აუცილებლად მიიჩნევენ.

ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც კრიმინალის ზრდაზე საუბრობს, დღეს "ოცნების" წევრებმა მსოფლიო სტატისტიკა შეახსენეს. მათი ინფორმაციით, 100 ათას მოქალაქეზე ჩადენილი მკვლელობის მაჩვენებლით საქართველო ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 18-ს ჩამორჩება. 

31 წლის ავსტრალიელი მასწავლებელი მთაწმინდის ფერდობზე, ერთდღიანი ძებნის შემდეგ, მოკლული გუშინ იპოვნეს. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს.

დღის ამბები