ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე აცრის აუცილებლობაზე საზოგადეობის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მოსახლეობას აქტიური ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.
როგორც ეპიდემიოლოგებს არაერთხელ აღუნიშნავთ, მნიშვნელოვანია ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე განსაკუთრებით მაღალი იყოს ვაქცინირებულთა რიცხვი განათლების სისტემაში დასაქმებულ ადამიანებში.
ერთ-ერთი რეკომენდაციით, მასწავლებლები აცრას რეგისტრაციის გავლის გარეშე შეძლებენ.
საკითხთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციაზე სოციალურ ქსელში საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე წერს და პედაგოგებს მიმართავს:
"ძვირფასო კოლეგებო,
ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე თავს უფლებას ვაძლევ მოგახსენოთ ჩემი აზრი ვაქცინაციასთან მიმართებაში:
სრულიად ვეთანხმები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პოზიციას ვაქცინაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით და მივესალმები, რეგისტრაციის გავლის გარეშე მასწავლებელთა აცრის გადაწყვეტილებას. მიმაჩნია, რომ პედაგოგთა აბსოლუტური უმრავლესობა აცრას ჩაიტარებს, ვინაიდან მსოფლიოში არ არსებობს პანდემიის დამარცხების სხვა საშუალება. იმის გამო, რომ მცირეწლოვან ბავშვებში და მოზარდებში ვირუსის გავრცელებამ მასიური ხასიათი მიიღო, ჩვენი პროფესია დამატებით პასუხისმგებლობას გვაკისრებს ვირუსის შეჩერებისთვის გავიკეთოთ აცრა.
ვაქცინაციის ნებაყოფლობითობა არ გვათავისუფლებს მორალური და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისაგან, ჩვენი ოჯახის და ალბათ, რაც მთავარია, მომავალი თაობის წინაშე.
პირადად მე და ჩემი ოჯახის წევრები - შვილი და სიძე, ავიცერით. ასევე, აიცრა ჩემი 80 წლის დედა და ვფიქრობ, მორალური უფლება მაქვს მოგიწოდოთ ყველას, ნუ შეუქმნით საფრთხეს საკუთარ თავს, აღსაზრდელებს და ოჯახის წევრებს.
მიმაჩნია, რომ პროფკავშირული აქტივი მაგალითის მიმცემი უნდა იყოს პედაგოგებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების ყველა დასაქმებულისათვის.
მინდა სწორად ვიყო გაგებული: საფრთხე რეალურია! გამომდინარე აქედან, თავს უფლება მივეცი, თქვენთვის კიდევ ერთხელ შემეხსენებინა ვაქცინაციის მნიშვნელობა," - წერს მაია კობახიძე სოციალურ ქსელში.