ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი. სულ აცრილია 626 343 ადამიანი, ბოლო 24 საათში კი 19 355 ადამიანი აცრეს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პანდემიის შესაკავებლად, აუცილებელია, დღეში 25 000 ადამიანი აიცრას.
"ყველა საფუძველია იმისთვის, რომ მასობრივი ვაქცინაცია იყოს. ივლისთან შედარებით, თითქმის 3-ჯერ გავზარდეთ საშუალო აცრის დღიური მაჩვენებელი, მაგრამ ესეც არ არის საკმარისი. ჩვენ, აგვისტოში გვაქვს 18 ათასამდე დღიური აცრა, საშუალოდ. ამით მაინც არ ვართ კმაყოფილი, სასურველია, როგორმე ავიდეთ 25 ათასზე. თუ შევძლებთ 25 ათასი აცრა ვაკეთოთ დღეში, ქვეყნის მასშტაბით, დამერწმუნეთ, რომ ძალიან სწრაფად შევაკავებთ პანდემიას,"-აცხადებს გამყრელიძე.
საქართველოში იზრდება ამცრელი ზონების რიცხვი. იმ სოფლებში და ამბულატორიებში, სადაც დღემდე შეუძლებელი იყო Pfizer-ის აცრების გაკეთება, უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაიკეთოს სასურველი ვაქცინა.