ქვეყანაში ეპიდვითარება კვლავ მძიმეა - საქართველოში ამ დროისთვის 46 000-მდე აქტიური შემთხვევაა. საავადმყოფოებში თითქმის აღარ არის თავისუფალი ადგილები. ჯანდაცვის სამინისტრო საველე ჰოსპიტლების მოწყობის საკითხს განიხილავს. ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, მედიკოსები კორონავირუსის გავრცელების ყველაზე რთულ ტალღად აფასებენ.
"თუ ასეთი ტემპით იმატა ინფიცირებულთა რიცხვმა, რა თქმა უნდა დაგვჭირდება საველე ჰოსპიტლები, იმიტომ, რომ პრაქტიკულად ადგილები არცერთ კლინიკაში არაა. დაყოვნებაც აღარ ხდება გაუმჯობესდება პაციენტი, იმ წუთში ეწერება. ნიღაბი უნდა გახდეს აუცილებლობა," - აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე მაია ზალდასტანიშვილი.
მდგომარეობას საგანგაშოს უწოდებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი და ამბობს, რომ რეგულაციების შესრულებაზე კონტროლი უნდა გაიზარდოს.
"მდგომარეობა არის საგანგაშო, შემთხვევები ძალიან სწრაფად იზრდება და ახალი პაციენტების ნაკადისთვის შესაბამისი კლინიკური დახმარების გაწევა ძალიან ძნელია და საწოლების მოძიება ძალიან რთულდება. ამიტომ დგება დღის წესრიგში, რომ მოძიებული იქნას დამატებითი რესურსები საწოლების. თუ ლოკდაუნის რეჟიმზე ვერ ან არ გადავდივართ, მაშინ მინიმუმ უნდა გაიზარდოს კონტროლი,"- განაცხადა ოთარ ჩოკოშვილმა.